საერთაშორისო ორგანიზაციები

ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი (GANHRI)

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი, რომელიც ადრე ცნობილი იყო როგორც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტი, დაარსდა 1993 წელს და ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის გაძლიერებას მთელს მსოფლიოში, უზრუნველყოფს ფორუმს წევრების ურთიერთქმედებისათვის და ასევე ხელს უწყობს მათ თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს 4 რეგიონიდან: აფრიკიდან, ამერიკიდან, აზიასა და ევროპიდან. კომიტეტს თითოეული რეგიონიდან არჩეული „A“ სტატუსის მქონე ინსტიტუტებისგან შემდგარი ბიურო მართავს. გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველი გერმანიის, ფინეთისა და ხორვატიის ეროვნულ ინსტიტუტებთან ერთად, 2016 წლის 22 მარტიდან, სამი წლის ვადით იქნა ევროპის რეგიონიდან ბიუროს წარმომადგენელად არჩეული.

ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსი ხელს უწყობს და მხარს უჭერს ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომლობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთან და სახელშეკრულებო ორგანოებთან; ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას და ინფორმაციის გაცვლას ყოველწლიური შეხვედრებისა და კონფერენციების მეშვეობით, რომლებიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება; იღებს ვალდებულებას ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების აკრედიტაციაზე პარიზის პრინციპების შესაბამისად; ხელს უწყობს შესაძლებლობების გაძლიერებას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან (OHCR) თანამშრომლობით; ეხმარება საფრთხის ქვეშ მყოფ ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტებს და მოთხოვნის შემთხვევაში ეხმარება მთავრობებს ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების დაარსებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)