რეკომენდაციები.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს

სახალხო დამცველმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 26 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს აკაკი სიხარულიძეს

კერძო საერთო რადიო-მაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად 2013 წლის 21 ივნისს გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესწავლის შემდეგ, სახალხო დამცველს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ბათილად მიაჩნია.

2013 წლის 25 ივლისს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ჩატარდა მოსამზადებელი სხდომა, სადაც კონკურსზე რეგისტრირებული კომპანიების მიერ კომისიაში შემოტანილი დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნა, თუმცა მაშინვე გამოცხადდა შესვენება და საკონკურსო განაცხადები, სანამ მათი გასაჯაროება და კომისიის ვებ-გვერდზე ატვირთვა მოხდებოდა, ნახევარი საათის განმავლობაში გატანილი იყო სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულ გარემოებას ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ვიდეომასალაც ადასტურებს. საკონკურსო განაცხადების გასაჯაროება მოხდა შესვენების შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საკონკურსო დოკუმენტაცია კომისიის მოსამზადებელ სხდომაზე იხსნება ლიცენზიის მაძიებელთა თანდასწრებით და ხელმისაწვდომია საჯარო გაცნობისათვის.

2013 წლის 26 აგვისტოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კერძო საერთო ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვება შპს „ენერჯი გრუპა“ მიაკუთვნა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დასაბუთებული გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2013 წლის 27 სექტემბერს გამოაქვეყნა, რითიც დაარღვია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადა. პროგრამირების ასპექტის მიხედვით, კონკურსში მონაწილე ლიცენზიის მაძიებელთა თანაბარი შეფასების შემთხვევაში გამარჯვებულად ცხადდება კონკურსში მონაწილე ის ლიცენზიის მაძიებელი, რომელიც ადრე გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ახორციელებდა მაუწყებლობას საკონკურსოდ გამოტანილი სიხშირეების გამოყენებით.

პროგრამული მრავალფეროვნებისა და მაუწყებლობის სფეროში გამოცდილების ნიშნით მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტმა თავის დასკვნაში უპირატესობა სამაუწყებლო კომპანია ჰერეთს მიანიჭა. მაგრამ კომისიამ არ გაითვალისწინა დეპარტამენტის დასკვნა და გამარჯვებულად შპს „ენერჯი გრუპი“ გამოაცხადა.

დამატებით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი მიუთითებს, რომ მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი/ავტორიზებული პირი არ შეიძლება იყოს:

ა ) ადმინისტრაციული ორგანო;

ბ ) ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი, სხვა საჯარო მოხელე;

გ ) ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე იურიდიული პირი;

დ ) პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტიის თანამდებობის პირი;

ე ) ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ვ) იურიდიული პირი, რომლის წილს ან აქციებს პირდაპირ ან ირიბად ფლობს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირი“.

უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ენერჯი გრუპის“ დირექტორი კახა ბაინდურაშვილი არის საჯარო სამართლის კორპორაცია საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, რაც გულისხმობს, რომ იგი არის ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი. (თუმცა, შპს „ენერჯი გრუპის“ მიერ წარდგენილ დოკუმენტაციაში ბაინდურაშვილის საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საქმიანობის შესახებ მითითებული არ ყოფილა).

როგორც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას დადგინდა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ უხელმძღვანელია არც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესებით; არც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით და კონკურსში გამარჯვებულის გამოცხადების კრიტერიუმებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება