რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით

2018 წლის 16 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ რეფერირების პროცედურის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტმა არაერთი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის საქმე შეისწავლა, როდესაც ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულებები ინფორმირებულნი იყვნენ ქორწინების/ნიშნობის ფაქტის შესახებ, თუმცა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისთვის არ მიუმართავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება არღვევს ბავშვის ჯანმრთელობის, განათლების, თანასწორობის, ძალადობისა და ექსპლუატაციისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრების უფლებას, ქორწინების ნებაყოფლობითობის, ტრადიციული ფაქტორისა თუ წყვილის თანაცხოვრების მიზეზით, არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად ხშირ შემთხვევებში არანაირი ღონისძიებები არ ტარდება.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რგოლს პედაგოგები წარმოადგენენ, რომელთა ვალდებულებაშიც ფაქტის შეტყობის შემდეგ შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება შედის. სამწუხაროდ, სკოლაში მომუშავე პირებმა ხშირად არაფერი იციან რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით არსებულ ვალდებულებებზე მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და რეფერირების დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება