რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მინდობით აღზრდის სერვისში არსებული პრობლემების შესახებ

2017 წლის 3 აპრილს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ადეკვატური ზრუნვის შეთავაზება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის დროს შემოწმდა მოქალაქე ი.ს.–ს მიმღებ ოჯახში მყოფი აღსაზრდელების, ასევე სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ფილიალის, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში განთავსებული ბენეფიციარის ლ.ბ.–ს უფლებების რეალიზების ხარისხისა და მათთვის გაწეული მომსახურების შესაბამისობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, სხვა საერთაშორისო დოკუმენტებთან მიმართებით.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მიმღები მშობელი არ ფლობს დაუნის სინდრომის მქონე პირების ფიზიკური, ფსიქო-მოტორული, ემოციური, სოციალური, კოგნიტური განვითარებისთვის საჭირო უნარებს, მათთან მუშაობისთვის აუცილებელ ცოდნას. არ ხორციელდება სათანადო ზრუნვა მათ ჯანმრთელობაზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ არ ხდება მიმღებ ოჯახში აღსაზრდელების გონივრულად განთავსება (მათ შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით). არ მიმდინარეობს ადეკვატური ზედამხედველობა მათ მდგომარეობაზე, რაც საფრთხის წინაშე აყენებს აღსაზრდელების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას და უსაფრთხოებას.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ი.ს.–ს მიმღებ ოჯახში ერთდროულად 5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის განთავსების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება მათთვის ადექვატური სახელმწიფო ზრუნვის სერვისის შეთავაზების თაობაზე, ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. განახორციელოს მინდობით აღზრდის სერვისის სისტემატური ზედამხედველობა და ჯეროვანი მონიტორინგი; ასევე, გაატაროს საჭირო ღონისძიებები თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარის ლ.ბ.–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და დააწესოს კონტროლი მათ შესრულებაზე.

იხილეთ რეკომენდაციის სრული ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება