რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“.

სახალხო დამცველის წინაშე ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდი მიუთითებდა, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მედიასაშუალებებისგან შესყიდული მომსახურების შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ სს „ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ არ წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას და, შესაბამისად, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია განეკუთვნება მის კომერციულ საიდუმლოებას, რომელიც არ ექვემდებარება გაცემას.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ დადგინდა, რომ სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული სს „საქართველოს ენერგეტიკის ფონდის“ საქმიანობის ძირითად მიმართულებებად განსაზღვრულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ იმ ქმედებათა განხორციელება, რომელთა გადაწყვეტაც სახელმწიფო ხელისუფლების მიერ ენერგეტიკის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას ემსახურება. შესაბისად, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელსაც დელეგირებული აქვს საჯაროსამართლებრივი ფუნქციები და ვალდებულია გასცეს ადმინისტრაციულ ორგანოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

სახალხო დამცველის მითითებით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება უკავშირდება დემოკრატიული წესწყობილებისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას - სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მაქსიმალურ გამჭვირვალობას. ამასთან, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კანონმდებლობა საჯაროობის განსაკუთრებულად მაღალ სტანდარტს ითვალისწინებს საჯარო ფინანსებით განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, დააკმაყოფილოს ა(ა)იპ მედიის განვითარების ფონდის მოთხოვნა და უზრუნველყოს მის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება