რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ჟ.ტ.-ს დაჯარიმების თაობაზე მიღებული დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ

2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არსებული სიტუაციის თავისებურებების გამოკვლევა-გათვალისწინებასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ დადგინდა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი თავისებურებები, რომლებითაც წინამდებარე საქმე გამოირჩეოდა. სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებლის მითითებებმა ცხადი გახადა, რომ მისთვის გაუგებარი იყო ადმინისტრაციული ორგანოს შუალედური გადაწყვეტილების სამართლებრივი შინაარსი და შედეგები. კერძოდ, ღობის უნებართვოდ აშენების გამო მიმდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ჟ.ტ.–მ ადმინისტრაციული ორგანოსგან ითხოვა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად მისთვის მიცემული ვადის გაზრდა, მიუთითა რა, რომ მავთულბადის ღობე ააშენა 2007 წლამდე და შესაბამისი უწყებისგან ელოდებოდა პასუხს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ბრძანება საქმის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ ისე, რომ ბრძანება არ შეიცავს რაიმე სახის განმარტებას განმცხადებლის მიერ დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულმა განმცხადებელს ჩამოუყალიბა რწმენა, რომ მიეცა დამატებით 2-თვიანი ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად.

ადმინისტრაციული ორგანო სამართლებრივი დახმარების გაწევის მოვალეობის შესრულების ნაცვლად, მკაცრად ფორმალურად მიუდგა საკითხს და მოცემული საქმისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური ფაქტორების გაუთვალისწინებლად, 2-თვიანი ვადის გასვლამდე 2 დღით ადრე მიიღო დადგენილება ჟ.ტ-ს 10 000 ლარით დაჯარიმების შესახებ. ამ დროისთვის ჟ.ტ.-ს უკვე დაწყებული ჰქონდა ობიექტის დემონტაჟი - კერძოდ, მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა და სუსტი ფიზიკური მდგომარეობისა, მას საკუთარი ძალებით უკვე მოხსნილი ჰქონდა უნებართვოდ განთავსებული მავთულბადის ღობის ნაწილი და სრული სახით დემონტაჟს დარჩენილი 2 დღის გასვლამდე გეგმავდა.

ამდენად, გამოვლინდა, რომ ჟ.ტ-ს მოქმედებები განპირობებული იყო არა კანონთან კონფლიქტური სუბიექტური დამოკიდებულებით, არამედ - სრულფასოვანი და კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების ხელმიუწვდომელობით, სამართლებრივი ცოდნის სიმწირით, რომლის აღმოფხვრაზეც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იზრუნა მოქალაქისთვის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგების გასაგები და მკაფიო განმარტების გზით.

სახალხო დამცველის მითითებით, სამართლის ნორმის ფორმალისტური გაგება-გამოყენება შეუძლებელს გახდის კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ ადმინისტრირებას. ყოველი კონკრეტული საქმის განხილვის პროცესში, აუცილებელია არსებული სიტუაციის თავისებურების გათვალისწინება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება იქცევა ფორმალურ პროცედურად.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, ბათილად ცნოს მიღებული დადგენილება და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, მიიღოს ახალი გადაწყვეტილება ჟ.ტ-ს მიმართ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება