რეკომენდაციები.

სახალხო დამცველი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

2017 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს.ს.-ს მიმართ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა და ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა,რომ ს.ს. მოაზრებულია ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის წევრად, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული და მის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ასევე, იგი თურქეთის რესპუბლიკის მოთხოვნით იმყოფებოდა საექსტრადიციო პატიმრობაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებისას სამინისტრომ ყოველმხრივ და ამომწურავად არ გამოიკვლია საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება; ამასთანავე, მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული; სამინისტრომ, სრულყოფილად არ შეაფასა თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობა, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა გადასაწყვეტ საკითხთან. მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან, რის გამოც დღის წესრიგში დგება მისი ბათილად ცნობის საკითხი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება