რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველმა ჭიათურის გამგეობას მოუწოდა შშმ პირთათვის სოციალური პროგრამების შემუშავებისას თანასწორობის პრინციპი დაიცვას

2017 წლის 25 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოუწოდა კომუნალური გადასახადების დასაფარად ფინანსური დახმარება, უსინათო პირების მსგავსად, მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის გამოყოს.

განმცხადებელი ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიუთითებდა, რომ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 მარტის N7 დადგენილების თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე უსინათლო პირებზე გაიცემა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება კომუნალური გადასახადების გადახდის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სხვა მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შესაძლოა ისეთივე ფინანსური საჭიროებები ჰქონდეთ, როგორიც უსინათლო ადამიანებს აქვთ. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საშუალება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული და გაუმართლებლად გამორიცხავს სხვა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სოციალური ბენეფიტით მოსარგებლეთა რიცხვიდან.

სახალხო დამცველმა ჭიათურის გამგეობას ასევე მოუწოდა, სოციალური პროგრამებით მოსარგებლეთა სამიზნე ჯგუფების განსაზღვრის კრიტერიუმები შეიმუშავოს თანასწორობის პრინციპზე დაყრდნობით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება