რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ

2017 წლის 31 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტაქსის მძღოლ გ.გ.-სა და ტაქსის კომპანია „Maxim“-ს (შპს „ტექნოკომი“) გენდერული იდენტობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა, ვინაიდან ტრანსგენდერ ქალს უარი ეთქვა ტაქსით მომსახურებაზე. განმცხადებლის ინტერესებს სახალხო დამცველის აპარატში ააიპ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“ წარმოადგენდა.

განსახილველ საქმესთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებისას, სახალხო დამცველი დაეყრდნო არამხოლოდ საქმეში არსებულ მასალებსა და მოპასუხე ტაქსის მძღოლთან გასაუბრების შედეგებს, არამედ ასევე გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ლგბტ თემი საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ჯგუფია და ისინი ძალიან ხშირად აწყდებიან დაბრკოლებას მომსახურების მიღების პროცესში.

სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა შპს „ტექნოკომის“ პასუხისმგებლობის საკითხსაც და აღნიშნა, რომ ტაქსის კომპანიამ უნდა უზრუნველყოს, რომ კომპანიის მიერ საჯაროდ შეთავაზებული სერვისით ჯეროვანი სარგებლობა თანასწორად შეძლოს ყველა ადამიანმა. ამასთან, შპს „ტექნოკომის“ მიერ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა მომავალში შესაძლოა საფუძვლად დაედოს დისკრიმინაციის წახალისებას.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ტაქსის მძღოლს გ.გ.-ს მოუწოდა, რომ ტაქსის მომსახურების გაწევისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მოემსახუროს მგზავრებს მათი გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის თუ სხვა მახასიათებლის მიუხედავად. შპს „ტექნოკომს“ კი მიმართა, შეიმუშავოს შინაგანაწესი/შიდა რეგულაცია, სადაც განსაზღვრული იქნება კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკა კლიენტების მომსახურებისას და ასევე, ტაქსი „Maxim“-ის ვებ-გვერდზე დაამატოს პარამეტრი, რომელიც „Maxim“-ში გაწევრიანებისას მძღოლებს მიაწვდის ინფორმაციას კომპანიის ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ, რომელზე თანხმობაც მძღოლების კომპანიაში გაწევრიანების წინაპირობა იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)