რეკომენდაციები.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია ბროწლიანის სათნოების სახლში არსებული პრობლემების შესახებ

2017 წლის 21 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლში“ არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული არაგეგმური ვიზიტისას შემოწმდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის განხორციელებისა და „სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მინიმალური სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესრულების საკითხი.

შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მომსახურების მიწოდება არ ხორციელდება ბენეფიციარებზე ორიენტირებულ გარემოში. სერვისი არ არის მორგებული ინდივიდუალურ საჭიროებებზე, არ არის დაცული უსაფრთხოება და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სათანადო ყურადღება არ ექცევა ბენეფიციართა ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან არ ხდება მათი სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა. დაუყოვნებელ ცვლილებას საჭიროებს რთული ქცევის მართვის კუთხით დაწესებულებაში დამკვიდრებული ნეგატიური პრაქტიკა.

გამოვლენილი პრობლემებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, მოუწოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უზრუნველყოს ა(ა)იპ „ბროწლიანის სათნოების სახლის“ მიერ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული და ეროვნული სტანდარტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურების მიწოდება. ამასთან უზრუნველყოს სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობა, მათი კომპეტენციის ფარგლებში ბენეფიციართათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნეს ქმედითი ზომები დაწესებულებაში განთავსებული ბენეფიციარების უფლებების სათანადოდ რეალიზებისა და მათი კომპლექსური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით; განსაკუთრებით ყურადსაღებია მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირების ისეთ სერვისში განთავსების პრაქტიკის აღმოფხვრა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მათი საბაზისო სამედიცინო თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება