რეკომენდაციები.

რეკომენდაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ყოფილი თანამშრომლის შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა.

იური საროკინი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პედაგოგ რეპეტიტორად მუშაობდა სსიპ თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში. 2014 წლის 1 მარტიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა.

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დაირღვა იური საროკინის შრომითი უფლება. კერძოდ, 2013 წლის 12 ივნისის შრომის კოდექსში შეტანილი ძირეული ცვლილებები ითვალისწინებს ვადიანი შრომითი ურთიერთობის დეტალურად დარეგულირებას, რაც გულისხმობს დასაქმებულის უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით სამართლებრივი გარანტიების შემოღებას; სოციალური თანასწორობის პრინციპის ასახვა შრომის კანონმდებლობაში; დასაქმებულის დაცვას დისკრიმინაციისაგან და სხვა. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შემცირებულიყო მოკლევადიანი შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, განსაკუთრებით იმ სამუშაოზე, რომელიც თავისი არსით არ შეიძლება იყოს დაკავშირებული რაიმე ვადასთან.

ამასთან, მიუხედავად იური საროკინის გათავისუფლების მართლზომიერი საფუძვლების შესახებ სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის ნაწილის გაუცემლობის გამო, თბილისის საქალაქო სასმართლომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მან მაინც არ წარმოადგინა იური საროკინის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერი საფუძვლების დამადასტურებელი ინფორმაცია.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)