რეკომენდაციები

რეკომენდაცია მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის წესის რეგულირების შესახებ

2017 წლის 17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დროებით დათხოვნის წესის რეგულირების საკითხთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის დროს გამოიკვეთა რომ დისციპლინური სახდელის დაკისრების დროს მოსწავლესთან არ მიმდინარეობს მუშაობა და მისი გათვითცნობიერება მის მიერ ჩადენილი საქციელის უარყოფით მხარეებში, ამასთან, სკოლიდან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, განსაზღვრული ვადით ირღვევა მისი განათლების უფლება; დისციპლინური სახდელის არსებული ფორმა ქმნის ბავშვის განათლების უფლების დარღვევის საფრთხეს და ეჭვქვეშ აყენებს დისციპლინური სახდელის გამოყენების მიზანშეწონილობას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016–2017 სასწავლო წელს არასრულწლოვანთა მიმართ დისციპლინური სახდელი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოყენებულია 1140 შემთხვევაში. მათგან 18 შემთხვევა დაწყებითი კლასების, მათ შორის, პირველკლასელის შემთხვევაშიც კი.

ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციით აღიარებულია ბავშვის განათლების უფლება, ხოლო მონაწილე სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ სასკოლო დისციპლინა ადამიანური ღირსების პატივისცემის გამომხატველი მეთოდებით.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დისციპლინის დაცვა დაფუძნებული უნდა იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემაზე, ხოლო დისციპლინური სახდელი უნდა იყოს გონივრული, დასაბუთებული და თანაზომიერი. კანონით ასევე, განსაზღვრულია სკოლის ვალდებულება, რომ გაკვეთილიდან გაძევების ან დროებით დათხოვნის შემთხვევაში, მოსწავლე ჰყავდეს თავისი მზრუნველობის ქვეშ დამიიღოს ზომები, რათა დისციპლინურმა სახდელმა არ გამოიწვიოს მოსწავლის არსებითი ჩამორჩენა სასწავლო პროცესისგან.

მიუხედავად იმისა, რომ შემოწმებული საჯარო სკოლების შინაგანაწესებში ძირითადად „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დებულებებია მითითებული, მოცემულ დოკუმენტებში მაინც არ კონკრეტდება, რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სკოლამ იმისთვის, რომ მოსწავლის სკოლიდან 5 დღემდე ან 5–დან 10 დღემდე დათხოვნის შემთხვევამ არ გამოიწვიოს სასწავლო პროცესში მისი არსებითი ჩამორჩენა. ასევე, არ არის მითითება, თუ როგორ და რა ფორმით უნდა განახორციელოს სკოლამ, მოსწავლის სკოლიდან დათხოვნის შემთხვევაში, მასზე მზრუნველობა.

მნიშვნელოვანია, რომ ნორმატიული აქტით არ არის მოწესრიგებული მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფდა არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს დისციპლინური წარმოების პროცესში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მოსწავლის მიმართ დისციპლინური სახდელის ზომად საგაკვეთილო პროცესიდან დათხოვნა კანონმდებლობის დონეზე არ არის სრულად მოწესრიგებული და წარმოშობს ბავშვის განათლების უფლების დარღვევის რისკს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზანი უნდა იყოს სწავლება და აღზრდა, რაც უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ ბავშვს მიეცეს შესაძლებლობა, გაიაზროს მის მიერ ჩადენილი ქმედების უარყოფითი შედეგები. აღნიშნულ პროცესში კი განსაკუთრებული როლი სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას უჭირავს.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომზადდეს შესაბამისი ცვლილებები, რათა კანონმდებლობის დონეზე განისაზღვროს სკოლიდან დროებით დათხოვნის, როგორც დისციპლინური სახდელის გამოყენების წინაპირობები და კონკრეტულად გაიწეროს აღნიშნულ პროცესში საჯარო სკოლების როლი იმგვარად, რომ დაცული იყოს ბავშვის განათლების უფლება; შესაბამისად, დისციპლინური სახდელის გამოყენებას ქონდეს არა სადამსჯელო, არამედ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა. ნორმატიულ დონეზე შემუშავდეს მოსწავლეთა დისციპლინური წარმოების წესი, რაც უზრუნველყოფს დისციპლინური წარმოების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს და მყარ გარანტიებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება