რეკომენდაციები

რეკომენდაცია განათლების მინისტრს ზედა ვანის საჯარო სკოლის ახალი შენობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის ახალი შენობით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ზედა ვანის საჯარო სკოლა წლებია ფუნქციონირებს ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც თავისი ინფრასტრუქტურით არ შეესაბამება საგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებებს. შენობა სავალალო მდგომარეობაში, მწყობრიდან არის გამოსული სახურავი, შენობის კედლები დაფარულია სოკოვანი წანაზარდებით და შეუძლებელია სათანადო წესით მათი დასუფთავება. დაზიანებულია ფანჯრები და არ ხდება საკლასო ოთახების განიავება, ამორტიზირებულია იატაკიც. შენობას არ გააჩნია სასმელი წყლის, სამეურნეო, ხანძარსაწინააღმდეგო და ცხელი წყლის მომარაგების სისტემები, მოუწესრიგებელია სველი წერტილები; შესაბამისად, შეუძლებელია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაც.

სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიზანს მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და სათანადო ცოდნის მიღებისათვის საჭირო პირობების შექმნა წარმოადგენს, რისთვისაც საქართველოს სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის ახალი შენობით უზრუნველყოფა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება