რეკომენდაციები.

რეკომენდაცია გამგებლის წარმომადგენლის ვინაობისა და სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემების გაცემასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს მედია საშუალებისთვის ინფორმაციის არგაცემის კანონიერების თაობაზე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 1 ივნისის წერილით უარი უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის გაცემაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენდნენ თანამდებობის პირებს და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მოთხოვნილი ინფორმაცია მიეკუთვნებოდა მათ პერსონალურ მონაცემს.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილში მოყვანილი სამართლებრივი მსჯელობა არ ეფუძნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სრულყოფილ ანალიზს. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებიდან გამომდინარე, გამგებლის წარმომადგენლის სამსახურებრივი საქმიანობა პირდაპირ კავშირშია გამგეობის ფუნქციების შესრულებასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობასთან და მათთვის ინფორმაციის მიწოდებასთან. იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობისთვის უცნობი იქნება გამგებლის წარმომადგენლის ვინაობა და მისი სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემები, წარმომადგენელი ვერ შეძლებს დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულებას, რაც საბოლოოდ ხელს შეუშლის თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

საქართველოს სახალხო დამცველი თვლის, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგებლის წარმომადგენლების ვინაობისა და სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემების შესახებ ინფორმაციის დაფარვით, კახეთის საინფორმაციო ცენტრს კანონმდებლობით მინიჭებული ინფორმაციის მიღების თავისუფლება შეუზღუდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება