რეკომენდაციები

რეკომენდაცია ჩოგბურთში საქართველოს ასაკობრივი პირველობის მონაწილე არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ჩოგბურთში საქართველოს ასაკობრივი პირველობის მონაწილე არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის შესახებ.

რეკომენდაციის მომზადებას საფუძვლად უდევს „საქართველოს ჩოგბურთელების მშობელთა გაერთიანების“ განცხადება, რომლის თანახმად 2015 წლის დეკემბერში, მზიურის საწვრთნელი კორტების დარბაზში გამართული შეჯიბრის დროს ჰაერის ტემპერატურა ძალიან დაბალი იყო, რაც პირველობაში მონაწილე 10–13 წლის არასრულწლოვნებს ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნიდა. ანალოგიური პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ბავშვები 2016 წელსაც, როდესაც 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს კვლავ მძიმე პირობებში მოუხდათ პირველობაში მონაწილეობა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსგავს პირობებში ტურნირის ჩატარება საფრთხის ქვეშ აყენებს არასრულწლოვანთა ჯანმრთელობას და არ ქმნის მათ საუკეთესო ინტერესებზე მორგებულ, უსაფრთხო გარემოს. ტურნირის ორგანიზების პროცესში, აუცილებელია, გათვალისწინებული იქნეს ყველა ფაქტორი იმგვარად, რომ პირველობა ჩატარდეს ჯანსაღ, უსაფრთხო გარემოში, ბავშვის უფლებებისა და თავისუფლებების, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის დაცვისა და პატივისცემის საფუძველზე.

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – გაუწიოს რეკომენდაცია ჩოგბურთის ფედერაციას, რათა ჩოგბურთში საქართველოს ასაკობრივი პირველობის ჩატარება უზრუნველყოფილი იყოს ადეკვატურ კლიმატურ და ფიზიკურ პირობებში, იმგვარად, რომ დაცული იყოს მონაწილე არასრულწლოვნების უფლებები და უსაფრთხოება. ასევე, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხრიდან არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის ზედამხედველობას სპორტული ფედერაციების მიერ შესაბამისი შეჯიბრებების/ტურნირების ორგანიზებისა და განხორციელების პროცესში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება