რეკომენდაციები.

რეკომენდაცია ბათუმის საკრებულოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერებისას საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ მოქმედი განსხვავებული ტარიფების გამო დისკრიმინაციის დადგენის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 7 სექტემბერს რეკომენდაციით მიმართა ბათუმის საკრებულოს, რომ შეიტანოს ცვლილება „ქალაქ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების საფასურისა და ელექტრო ავტობუსით (ელექტროკარით) მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს განკარგულების მოქმედ რედაქციაში და მოხდეს სატარიფო სისტემის შემუშავება უცხო ქვეყნის, მათ შორის მოქალაქეობის არმქონე პირების და საქართველოს მოქალაქეთა შორის თანასწორობის პრინციპის დაცვით.

ბათუმის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის N309 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე N76 განკარგულება ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერების საფასურს საქართველოს მოქალაქეებისათვის განსაზღვრავს 3 (სამი) ლარით, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის - 8 (რვა) ლარით.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, განსხვავებული მოპყრობის დადგენა ეფუძნება იმ შეხედულებას, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებთან შედარებით, მატერიალურად უკეთ არიან უზრუნველყოფილნი და მეტი თანხის გაღების შესაძლებლობა აქვთ. აღნიშნული კი არის წინასწარ ჩამოყალიბებული, სტერეოტიპული შეხედულება, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურ დასაბუთებას. მატერიალურად შეძლებული და შეჭირვებული პირი შესაძლოა იყოს, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეც ან მოქალაქეობის არმქონე. სტერეოტიპული დამოკიდებულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ლეგიტიმურ მიზნად და წარმოადგენდეს მის ობიექტურ და გონივრულ გამართლებას.

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განსხვავებული სატარიფო წესის შემოღება წარმოადგენდა პირდაპირ დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, რამდენადაც მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება