რეკომენდაციები.

რეკომენდაცია არასრულწლოვანთა უფლებადარღვევის ფაქტებზე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არასათანადო რეაგირების თაობაზე

2018 წლის 23 მაისს სახალხო დამცველმა არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორსა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.

სახალხო დამცველის აპარატში არსებული საქმისწარმოების ფარგლებში გამოვლინდა, რომ ა.დ.-სა და მის 8 შვილიან ოჯახთან სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო 2010 წლიდან მუშაობს, თუმცა ამ დრომდე სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ქმედითი ნაბიჯები ოჯახის წევრთა, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნების ძალადობისა და უგულებელყოფისგან დაცვის მიზნით. არასრულწლოვნები არ განცალკევებულან ძალადობრივი გარემოსგან, რაც რისკის ქვეშ აყენებს მათ უსაფრთხოებას და განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მათ განვითარებას.

სახალხო დამცველი ითხოვს დროულად იქნას უზრუნველყოფილი არასრულწლოვანთათვის არაძალადობრივი და უსაფრთხო გარემო, სადაც დაცული იქნება მათი უფლებები და ინტერესები, ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაზე მიმდინარე გამოძიება უნდა წარიმართოს პასუხისმგებელი უწყებების კოორდინაციითა და განმეორებითი ძალადობის პრევენციის აუცილებლობის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიეცეს შესაძლებლობა ეფექტური ზედამხედველობა განახორციელოს არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის პროცესზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება