რეკომენდაციები

რეკომენდაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიას

საქართველოს ორგანული კანონის „სახალხო დამცველის შესახებ” 21-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უზრუნველყოს საქართველოს იმ მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, რომლებიც კოსოვოსა და ერაყში იმყოფებიან.* * *მოგეხსენებათ, რომ 2007 წლის 5 იანვარს დანიშნულია საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები.საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის თანახმად:• 1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება. უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება. • 2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად: • „აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;” • „არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.”საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი იმ მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, რომლებიც საზღვარგარეთ კანონმდებლობის დაცვით იმყოფებიან და არჩევნების დღისათვის ვერ იქნებიან საქართველოში. ასეთ კონტიგენტს განეკუთვნება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ის შენაერთები, რომლებიც სამშვიდობო მისიით ერაყსა და კოსოვოში იმყოფებიან.ის ფაქტი, რომ ერაყსა და კოსოვოში საგანგებო ან საომარი მდგომარეობაა, არ შეიძლება იქნას განხილული კონსტიტუციის იმ დანაწესის დარღვევად, რომელიც კრძალავს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას აღნიშნული მდგომარეობის დროს.საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო და საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ და საქართველოს ტერიტორიაზე. ამდენად, საგანგებო და საომარ მდგომარეობას, რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა იცნობს, ცხადია არ წარმოადგენს ასეთი მდგომარეობის შემოღება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს თუ თანამდებობის პირის მიერ.მაგალითად, საბერძნეთში მიმდინარე წყალდიდობის ან სხვა სტიქიური უბედურების გამო (გამოცხადებული იქნა საგანგებო მდგომარეობა) აბსოლუტურად არაგონივრული იქნებოდა საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეეზღუდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-16 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად: • `სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ეს საარჩევნო უბნები დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქია და მათ შედეგებს აჯამებს ცესკო.“ აღნიშნული ნორმის მიხედვით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებული იყო 2007 წლის 6 დეკემბრამდე შეექმნა საარჩევნო უბნები სხვა სახელმწიფოში, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანონით დადგენილ ვადაში არ მოხდა რა შესაბამის ტერიტორიულ ერთეულებში საარჩევნო უბნების შექმნა, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, ანუ ეზღუდებათ კონსტიტუციური უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად.“საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია და ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს მას.შესაბამისად, მთელი საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის მოთხოვნა განეკუთვნება საარჩევნო კანონმდებლობის არამარტო ერთ-ერთ შემადგენელ აქტს, არამედ მის ფუძეს.საქართველოს საარჩევნო კოდექსი, ისევე როგორც სხვა კანონქვემდებარე აქტები უნდა ამოდიოდნენ ამ უფლებიდან და ქმნიდნენ საშუალებას, რათა სახელმწიფომ უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის არჩევნებში მონაწილეობა.საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის თანახმად: „საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ზედამხედველობას უწევს საქართველოს სახალხო დამცველი.” საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში განახორციელოს სხვადასხვა კანონშესაბამისი მოქმედებები, მოქალაქეთა დარღვეული უფლების აღსადგენად.სახალხო დამცველი თითოეული უფლების დარღვევის ფაქტის აღმოსაფხვრელად მოიაზრება როგორც უშუალოდ დაინტერესებული პირი, რომლის კანონიერ ინტერეს - დაიცვას ადამიანის უფლებები - უშუალოდ ადგება ზიანი.სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე თავის არიდებით, ირღვევა საქართველოს იმ მოქალაქეთა უფლებები, რომლებიც იმყოფებიან ერაყსა და კოსოვოში, რადგანაც მათ უკანონოდ და დაუსაბუთებლად არ ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ 2007 წლის 5 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება