რეკომენდაციები.

რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს განიხილონ კანონი „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ და განახორციელონ შესაბამისი ცვლილებები სოციალური შეღავათების მოწესრიგებისათვის.

1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულთათვის სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის შესახებ კანონი საქართველოს პარლამენტმა 1999 წლის 30 აპრილს მიიღო. კანონის პრეამბულაში გაცხადებულია, რომ საქართველოს პარლამენტი აღიარებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა მიერ ქართულ ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მიაგებს მათ ჯეროვან პატივის.

2006 წლის 23 დეკემბერს აღნიშნულ კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლითაც სოციალური შეღავათების უმეტესობა ძალადაკარგულად გამოცხადდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 9 აპრილის მსხვერპლთა და მათი ოჯახის წევრებისთვის, სოციალური დახმარების თვალსაზრისით, შენარჩუნდა მხოლოდ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით და სხვა სოციალური დახმარებები, რაც გათვალისწინებულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით.

ამდენად, იმისათვის, რომ 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის მსხვერპლმა ან მისმა ოჯახის წევრმა ისარგებლოს შესაბამისი სოციალური დახმარებით, იგი უნდა იყოს ან „სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირი“, ან უნდა განეკუთვნებოდეს „ღატაკ ოჯახს“, ან იყოს „უსახლკარო“, - როგორც „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონშია გაწერილი.

საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 9 აპრილს დაზარალებულთა სოციალური გარანტიები შეიკვეცა იმ დოზით, რომ ისინი ფაქტობრივად სოციალური დაცვის გარეშე დარჩნენ.

ამასთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ 2006 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველმა, შესაბამისი შენიშვნებითა და რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. სახალხო დამცველის მიმართვაში უარყოფითად იყო შეფასებული დასახელებული საკანონმდებლო ცვლილებები. ეს საკითხი, ასევე მოხვდა სახალხო დამცველის 2006 წლის პირველი ნახევრის ანგარიშშიც.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ იზიარებს 2006 წლის დასკვნაში აღნიშნულ პოზიციას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი მოითხოვს სპეციალურ მოწესრიგებას.

მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ „ქ.თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ სპეციალური კანონის მიღების ძირითად მიზანს წარმოადგენდა 9 აპრილს დაზარალებულთა განსაკუთრებული წვლილის აღნიშვნა და მათი ჯეროვანი დაფასება, მიუხედავად იმისა, თუ რომელ სოციალურ კატეგორიას განეკუთვნება თითოეული მათგანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პარლამენტმა უნდა აღიარონ და ჯეროვნად დააფასონ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა წვლილი ეროვნულ–განმათავისუფლებელ ბრძოლაში და მოამზადონ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება