რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვალერი ალიბეგაშვილს, მოქალაქე გენადი ხ.-ს ოჯახის თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტების მენეჯერმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში მცხოვრები გენადი ხ.-ს ოჯახის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენდაციის თანახმად, გენადი ხ.-ს ოჯახი არის ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად დაზარალებული, ჩასახლებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურში და უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ოჯახი შედგება 7 წევრისაგან, რომელთა შორის 3 მცირეწლოვანი ბავშვია. გენადი ხ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლი არის ამორტიზებული და არსებობს მისი დანგრევის რეალური საფრთხე. საცხოვრებელ სახლში წვიმის დროს ჩადის წყალი, ასევე, ჩამოშლილია კარ-ფანჯარა და დაზიანებულია ჭერი. არაადეკვატური საცხოვრებელი პირობების გამო 3 არასრულწლოვანი ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გენადი ხ.-ს ოჯახი რეგისტრირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მიღებული კორესპონდენციის თანახმად, მუნიციპალიტეტის გამგეობას გააჩნია რესურსი, გენადი ხ.-ს ოჯახს შესთავაზოს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი მეზობელ სოფელში. თუმცა, განმცხადებლის ინფორმაციით, შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი სახლიც არის ავარიულ მდგომარეობაში და იქ ცხოვრება შეუძლებელია.

„სოციალური დახმარებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები „უსახლკარო პირებს უზრუნველყოფენ თავშესაფრით“, რაც გულისხმობს იმას, რომ უსახლკაროდ დარჩენილი პირების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის ვალდებულება სახელმწიფოს დელეგირებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებაზე. ამდენად, უსახლკარო ოჯახების მიმართ ადგილობრივ ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება.

აღსანიშნავია, ის გარემოება რომ გენადი ხ. საზოგადოების იმ ფენის წარმომადგენელია, რომელსაც სიცოცხლისათვის აუცილებელი სოციალურ – ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობების დამოუკიდებლად უზრუნველყოფა არ შეუძლია. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან ესაჭიროება შესაბამისი უფლებების რეალიზება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება