რეკომენდაციები.

რეკომენდაცია საგარეჯოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს

სახალხო დამცველმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „საგარეჯოს სათნოების სახლის“ ყოფილი დირექტორის ილია კუჭუაშვილის გათავისუფლების კანონიერების შესწავლის რეკომენდაციით მიმართა საგარეჯოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ცისმარ თედიაშვილს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, 2013 წლის 31 იანვრის ბრძანებით, ილია კუჭუაშვილი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. საქმის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა ინფორმაცია განმცხადებლის გათავისუფლების შესახებ.

საგარეჯოს გამგეობის ცნობით, ილია კუჭუაშვილი სამსახურებრივ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა, რაც დასტურდებოდა ზეპირი ფორმით მოწვდილი ინფორმაციით. როგორც ირკვევა, „სათნოების სახლის“ დირექტორმა არ გაუწია ზედამხედველობა პროდუქციის ხარისხს და უხარისხო პროდუქტი შეიძინა. * სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და იწვევს თანამდებობიდან გათავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებამდე კუჭუაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა გამოყენებული არ ყოფილა.

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გამგებელი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებლის (მერის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს.

მოცემულ შემთხვევაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასახელებული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი დაენიშნა და გაეთავისუფლებინა სამსახურიდან. შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანება ეწინააღმდეგება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

მოცემულ შემთხვევაში საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და სათნოების სახლს შორის შრომითი ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო კერძო სამართლის ნორმებით. ილია კუჭუაშვილთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობისა და შეწყვეტის დროს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით გათვალისიწინებული ნორმებით.

გარდა ამისა, ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება ვალდებულება, მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ამ გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე. მხოლოდ ზეპირი ფორმით მოპოვებული ინფორმაცია ვერ გაამართლებს ილია კუჭუაშვილის გათავისუფლების მართლზომიერებას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლებამდე გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური პასუხისმგებლობის რაიმე ზომა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ილია კუჭუაშვილის გათავისუფლებით დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის ნორმები და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება