რეკომენდაციები.

რეკომენდაცია საქართველოს მთავრობას

სახალხო დამცველმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემებთან დაკავშირებით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას.

2013 წლის 15 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ალექსეევკას მაცხოვრებლებმა მათ წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების თხოვნით.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ შექმნილ მდგომარეობას, რომლის შედეგად გამოიკვეთა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში ცხოვრობენ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები. მოსახლეობის ნაწილმა სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა საცხოვრებელი სახლები. ასევე, მათ საკუთრებაშია საკარმიდამო მიწის ნაკვეთები (თითოეულ მოსახლეზე დაახლოებით 3000 კვ.მეტრი).

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, რაც მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. სოფელ ალექსეევკას მიმდებარე ტერიტორიაზე არის მიწის ფართობი, რომელსაც ამ სოფლის მოსახლეობა წლების განმავლობაში იყენებდა სათიბად და საძოვრად.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე წელია და განსაკუთრებით მიმდინარე წელს, მოსახლეობას არ აძლევენ მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლებას, რადგან სათიბი ტერიტორია არის საპატრიარქოს საკუთრებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ ეკომიგრანტებთან დაკავშირებით არსებული მრავალი პრობლემის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორებიდან უმთავრეს საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ეკომიგრანტების სტატუსის განსაზღვრისა და მათი დაცვის სამართლებრივი გარანტიების საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგების მიზნით, 2013 წლის 17 ივლისს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, თუმცა კონკრეტული, ქმედითი ღონისძიებები ამ დრომდე არ განხორციელებულა. არ არსებობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეკომიგრანტებისათვის გარანტირებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმები.

ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ტერიტორიებზე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრების უფლება არის კონსტიტუციითა და მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული და ხელშეუვალი უფლება, სახალხო დამცველმა თავისი რეკომენდაციაში მოიხოვა:

1. საქართველოს მთავრობამ შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, მიიღოს ზომები, რათა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ალექსეევკაში მცხოვრები, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა (ეკომიგრანტებმა) მიიღონ ამავე ტერიტორიაზე არსებული სათიბი და საძოვარი ფართობით სარგებლობის კანონიერი უფლება ან/და გამოინახოს ამ პრობლემის მოგვარების ალტერნატიული საშუალებები. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ეკომიგრანტთა ჩართულობა და მონაწილეობა, მათი უფლებების მაქსიმალურად დაცვის მიზნით;

2. მიიღოს ზომები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისათვის (ეკომიგრანტებისთვის) სათანადო საცხოვრისის გამოყოფისა და აღნიშნულ პირთა სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება