რეკომენდაციები.

რეკომენდაცია შინაგან საქმეთა მინისტრს

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან მაიორ ომარ ჯოხაძის გათავისუფლების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით.

ომარ ჯოხაძე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების უფროსის თანამდებობიდან 2007 წლის 7 მარტს გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ომარ ჯოხაძე დაკავებული თანამდებობიდან შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა (მინისტრის მოადგილემ) ლევან გვაზავამ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლა.

გენერალურმა ინსპექციამ ომარ ჯოხაძის მიმართ შემოწმება შს სამინისტროს ქვემო ქართლის საექსპერტო-კრიმინალისტიკური განყოფილების ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმაკოლოგიური პრეპარატების ექსპერტიზის მიმართულების ექსპერტთა ჯგუფის ექსპერტ-კრიმინალისტის, მიმართულების უფროსის, პოლიციის კაპიტან ლ. მჟავანაძის პატაკის თანახმად ჩაატარა.

* 2007 წლის 3 თებერვალს ერთ-ერთ რესტორანში, თანამშრომლის ქორწილში, მჟავანაძესა და მის პირად უფროს ომარ ჯოხაძეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ომარ ჯოხაძემ ლ. მჟავანაძეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაასკვნა, რომ მოქალაქე ომარ ჯოხაძემ ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2003 წლის 24 ივნისის N217 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შს სამინისტროს დისციპლინური წესდებით“ გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რის შედეგადაც ამავე წესდებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნა შეეფარდა.

თუმცა, ამავე აქტის მიხედვით, თანამშრომელი შეიძლება დათხოვნილიყო, თუ დისციპლინური გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, მოსამსახურის წარსული საქმიანობა და რეპუტაცია მიზანშეუწონელს ხდიდა გადაცდომის ჩამდენს მუშაობა გაეგრძელებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. გარდა ამისა, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა ყოფილიყო ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, თანამშრომლის პიროვნება და დამსახურება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ვალდებული იყო, „გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.“ გენერალურმა ინსპექციამ წინამდებარე შემთხვევაში არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები. კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც ჯოხაძის მხრიდან მჟვანაძის მიმართ უცენზურო სიტყვების გამოყენების ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ არ არის შეფასებული სხვა თანამშრომლების ახსნა-განმარტებები, სადაც მითითებული იყო, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ამას გარდა, ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, ადმინისტრაციული წარმოებისას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახვისას, წერილობით დასაბუთებაში უნდა მიეთითებინა ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს პოლიციის მაიორ ომარ ჯოხაძის მიმართ დისციპლინური სახდელის დაკისრებისას არ უმსჯელია, თუ რატომ იყო ომარ ჯოხაძის ქმედება დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.

აშკარაა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონისმიერი დანაწესის უგულებელყოფით, ფაქტობრივი წინამძღვრების ასახვის გარეშე, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, რაც წარმოშობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობის საფუძველს.

ამდენად, საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დასკვნა და მინისტრის ბრძანება ომარ ჯოხაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და არღვევს განმცხადებლის უფლებებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება