რეკომენდაციები.

რეკომენდაცია საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე

გარდაბნის რაიონში, ვაზიანის სამხედრო დასახლება, N8 კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახების მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და დევნილთა მინისტრს, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დააკმაყოფილოს ზემოაღნიშნულ მისამართზე მცხოვრები დევნილი ოჯახები.

საქართველოს სახალხო დამცველს თავშესაფრით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა პირმა – ა. ნ.-მ.

განცხადების თანახმად ა. ნ., 27 დევნილ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გარდაბნის რაიონში, ვაზიანის სამხედრო დასახლება, N8 კორპუსში. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან, აღნიშნული კორპუსი იყო ავარიულ მდგომარეობაში, 2013 წლის 11 მარტს ჩამოინგრა საცხოვრებელი სახლის მარცხენა ფრთა, რამაც დევნილი ოჯახების უსახლკაროდ დარჩენა გამოიწვია.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ გარდაბნის რაიონში, ვაზიანის სამხედრო დასახლებაში, სადაც გაესაუბრნენ N8 კორპუსის მაცხოვრებლებს. როგორც გაირკვა, დაზარალებული ოჯახების ნაწილი თავს აფარებს კარავს, ხოლო ნაწილი – ახლო ნათესავებს. მათი განმარტებით, კარავში ღამეს ათევს 12 მამაკაცი, ხოლო 1 ქალბატონი ახლო მდებარე ავტოფარეხში ცხოვრობს.

დაზარალებულ ოჯახებს შორის არის მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – გ. ა. ასევე არიან მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები. მათ შორის არიან ინსულტით, დიაბეტითა და ჟანგბადის მწვავე უკმარისობით დაავადებულები.

N8 კორპუსის მაცხოვრებლების განმარტებით, მათ, შესაბამისი დახმარების გაწევის თხოვნით, მიმართეს საქართველოს მთავრობის კანცელარიას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე სხვა არასამთავრობო საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს. როგორც დაზარალებული პირები განმარტავენ, მათ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაეწიათ ერთჯერადი დახმარება.

გარდაბნის რაიონში, ვაზიანის სამხედრო დასახლება, N8 კორპუსი არის ამორტიზებული. შესაბამისად იგი არ არის საცხოვრებლად ვარგისი. კარავსა და ავტოფარეხში ცხოვრება, საფრთხეს უქმნის დევნილების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ დაზარალებულთა შორის არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი, მცირეწლოვანი ბავშვები, ასევე სხვადასხვა მძიმე დაავადებებით დაავადებული პირები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება