რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავარ პროკურატურას

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიმართოს სასამართლოს მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმებისა და გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით. ამასთანავე, დაიწყოს გამოძიება უკრაინის მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს შესაძლო განზრახ უკანონო დაპატიმრების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული ნიშნებით.

საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. განმცხადებლის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ საქართველოს პროკურატურამ და საერთო სასამართლოებმა გამოიყენეს საექსტრადიციო პატიმრობა მაშინ, როდესაც არ არსებობდა ანატოლი ჩ.-ს მიმართ უკრაინის ტერიტორიაზე კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერი.

საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ბათუმის საქალაქო სასამართლოდან და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარი პროკურატურიდან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საქმის მასალების დეტალურად შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ანატოლი ჩ.-ს (რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინაში ექსტრადირების მიზნით პატიმრობაში) მიმართ აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების შერჩევის შესახებ დადგენილება გაუქმებულ იქნა 2013 წლის 23 იანვრის ქ.კიევის სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით. პირის დაპატიმრების შესახებ დადგენილების არსებობა სავალდებულოა „ექსტრადიციის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის (ასევე საქართველოსა და უკრაინას შორის პირის ექსტრადიციის საკითხის მარეგულირებელი სხვა დოკუმენტების) შესაბამისად. შესაბამისად, 2013 წლის 23 იანვრიდან ანატოლი ჩ.-ს თავისუფლების აღკვეთისა და მისთვის საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვებისათვის რაიმე სამართლებრივი საფუძველი, რომელიც შეესაბამება „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე–5 მუხლის პირველი პუნქტით დაშვებულ გამონაკლისებსა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, არ არსებობდა. შესაბამისად, საქართველოს პროკურატურისა და სასამართლო ორგანოების მიერ დარღვეული იქნა უკრაინის მოქალაქე ანატოლი ჩ.-ს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)