რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო პროგრამების თანაბარი მისაწვდომობის თაობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, უზრუნველყოს „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რომელიც გაითვალისწინებს ობიექტურ რეალობას და ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო პროგრამების თანაბარ მისაწვდომობას.

2013 წლის 23 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კანონიერმა წარმომადგენლებმა, „კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“ წევრებმა.

მოქალაქეთა განმარტებით, მათი შვილები არიან გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები და ისინი წარმოადგენდნენ ზემოთ დასახელებულ ორგანიზაციასთან არსებული სოციალური თერაპიის სახლის (დღის ცენტრის) ბენეფიციარებს. თერაპიის სახლის ფუნქციონირება დაფინანსებულია დონორი ორგანიზაციების მიერ. 2005 წლიდან დღის ცენტრი ასევე ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

განმცხადებელთა ინფორმაციით, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №74 დადგენილების საფუძველზე, ზრდასრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებისათვის შემცირდა დღის ცენტრის მომსახურების ვაუჩერების რაოდენობა, შესაბამისად 37 პირი დარჩა მომსახურების გარეშე.

ღია წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ დადგენილებაში შესული ცვლილებების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოჯახებს, მათ კანონიერ წარმომადგენლებს შეექმნათ სერიოზული პრობლემები, ვერ დადიან სამსახურში, შესაბამისად გაუარესდა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა და მათი ერთადერთი შემოსავალი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სოციალური პაკეტი შეიძლება გახდეს.

გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირები საჭიროებენ მუდმივ მეთვალყურეობას, მათი განმარტოება სახიფათოა. ამ პირების მოვლისა და მეთვალყურეობისთვის დღის ცენტრის მომსახურება წარმოადგენს აუცილებელ და საჭირო ალტერნატივას. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ოჯახის წევრი და/ან კანონიერი წარმომადგენელი დასაქმებულია.

ამავე დადგენილებით გათვალისწინებულ ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის განხორციელების დროს, არსებული ხარვეზების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმაც.

განცხადების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ქვეპროგრამით გათვალისწინებული რეაბილიტაციის კურსის ხანგრძლივობა არ არის საკმარისი ბავშვთა სპეციფიკური რეაბილიტაციის, ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესების, ადაპტაციური შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის. ამასთან მშობლებისთვის მიუღებელია ქვეპროგრამით დადგენილი დაფინანსების წესი, რომლის თანახმადაც ბენეფიციარების ნაწილს, რომლებიც არ არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრი ბავშვები; რომელთა სარეიტინგო ქულა ქვეპროგრამაში ჩართვის მომენტისთის არ აღემატება 100 000–ს; ასევე არ არიან რეინტეგრაციის შემწეობის მიმღები ოჯახების წევრი ბავშვები, ვაუჩერი უფინანსდებათ შესაბამისი ლიმიტის 75%–ით. მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო, განმცხადებლები ითხოვენ თანადაფინანსების წესის შეცვლას და ვაუჩერის გაცემას არა სიღარბის, არამედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის მიხედვით.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ზემოთ დასახელებულ შემთხვევებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარკვეული ჯგუფების მიმართ ადგილი აქვს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების უგულებელყოფას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)