რეკომენდაციები.

რეკომენდაცია მთავარ პროკურორს

2012 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მსჯავრდებულების ა.შ-ს და კ.კ-ს სხეულის დაზიანებების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე. ასევე, მოითხოვა მსჯავრდებულების სხეულზე არსებული დაზიანებების სიმძიმისა და ხანდაზმულობის დასადგენად, დროული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება და იმ ჩანაწერის გამოთხოვა, რომელიც ასახავს მსჯავრდებულთა გადაადგილებას N6 დაწესებულებაში შეყვანიდან მათი სამოქალაქო სექტორის სამკურნალო დაწესებულებაში გაყვანის მომენტამდე.

2012 წლის 3 ოქტომბერს მსჯავრდებულები ა.შ. და კ.კ. რუსთავის N6 დაწესებულებიდან, თავის არეში მიყენებული მძიმე ტრავმებით სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ გადაიყვანეს.

4 ოქტომბერს სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში“ მსჯავრდებულ ა.შ.-ს სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობის გამო ჩაუტარდა ოპერაცია და იგი განთავსებული იყო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის გამოც მასთან გასაუბრება ვერ მოხერხდა.

N6 დაწესებულებაში წარმოებული ტრავმების ჟურნალის 2012 წლის 3 ოქტომბრის ჩანაწერის მიხედვით, ა.შ-ს აღენიშნებოდა: „კეფის არეში ჭრილობა უსწორმასწორო კიდეებით ზომით 4X1სმ. მარჯვენა წინამხრის არეში გარეთა ზედაპირზე ექსკორიაციები, ზედა ტუჩის არეში ჭრილობა უსწორმასწორო კიდეებით ზომით 1X0,3სმ. ორივე თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები. მარცხენა ყვრიმალის არეში ექსკორიაციები, მარჯვენა საფეთქლის არეში ჰემატომა ზომით 2X2X1სმ.“

სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის კლინიკის“ გადაუდებელი დახმარების განყოფილების 3 ოქტომბრის ჩანაწერის მიხედვით, რომელიც გაკეთებულია 23.30 სთ-ზე, პაციენტის წინასწარი დიაგნოზია: „პარაორბიტალური კანქვეშა ჰემატომა, კბილების ამოვარდნილობა, მარჯვენა ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა ცდომით, მარცხენა ცხვირის ძვლების მოტეხილობა ცდომის გარეშე.“ იმავე ჩანაწერის მიხედვით, „პაციენტის გადმოცემით, აღნიშნული ტრავმა მიიღო ცემის შედეგად, ასევე აღნიშნავს, რომ დაეცა. ორივე მიზეზს ასახელებს.“

რაც შეეხება მსჯავრდებულ კ.კ-ს, იგი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევების შემდგომ გადაყვანილი იქნა N18 სამკურნალო დაწესებულებაში. სს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრის“ მიერ 4 ოქტომბერს გაცემული ფორმა NIV-100/ა-ს თანახმად, კ.კ-ს დიაგნოზია: „ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ზედა ტუჩის ზედაპირული ტრავმა, მე-12 კბილის ამოვარდნილობა.“

რუსთავის N6 დაწესებულების ტრავმების ჟურნალის 3 ოქტომბრის ჩანაწერის მიხედვით, კ.კ-ს აღენიშნებოდა: „მარცხენა წინამხრის და მარცხენა მხრის არეში ექსკორიაციები და სისხლნაჟღენთები. ცხვირის არეში სისხლნაჟღენთი. ზედა ტუჩის არეში სისხლნაჟღენთი, შუბლის, მარცხენა ყვრიმალის, მარცხენა თვალბუდის არეში სისხლნაჟღენთები, მარჯვენა საფეთქლის არეში კანკვეშა ჰემატომა ზომით 3X3X1სმ.“

2012 წლის 4 ოქტომბერს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მსჯავრდებული კ.კ. მოინახულეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მონახულების მომენტისთვის მსჯავრდებულს აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: სახის არეში მრავლობითი შეშუპება და სისხლნაჟღენთები, კერძოდ, ორივე თვალბუდე - შეშუპებული, მარცხენა თვალბუდის არეში - სისხლნაჟღენთი, მარჯვენა თვალბუდის არეში, ზედა ქუთუთოზე - სისხლნაჟღენთი, რამდენიმე ექსკორიაცია და ჰიპერემია, ცხვირი - შეშუპებული და ჰიპერემიული, მარცხენა ყვრიმალისა და მარცხენა საფეთქლის არეში - სისხლნაჯღენთები, ზედა ტუჩი - შეშუპებული, ზედა და ქვედა ტუჩებზე - ნაჭდევი, მე-12 კბილის მოტეხილობა, მარცხენა ყური - შეშუპებული, მარცხენა ყურზე და ყურს უკან - სისხლნაჟღენთები, მარჯვენა ზედა კიდურის უკანა ზედაპირზე - სისხლნაჟღენთები და მრავლობითი ექსკორიაციები, მარჯვენა ზედა კიდურზე, იდაყვის ზევით, შიდა მხარეს - დიდი ზომის სისხლნაჟღენთი, ხოლო ქვედა მხარეს - რამდენიმე სისხლნაჟღენთი. მსჯავრდებულის განმარტებით, მას ზემოაღნიშნული დაზიანებები მიყენებული აქვს რუსთავის N6 დაწესებულებაში, თუმცა არ განმარტა, რა ვითარებაში.

მსჯავრდებულები ა.შ. და კ.კ., 2012 წლის 2 ოქტომბერს, გაურკვეველი მიზეზით, გადაყვანილი იქნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N17 დაწესებულებიდან N6 დაწესებულებაში. 2012 წლის 3 ოქტომბერს მსჯავრდებულები გაიყვანეს საკარანტინე საკნიდან სარეჟიმო კორპუსში, რის შემდეგაც, მოკლე ხანში, მათ მიადგათ ზემოაღნიშნული დაზიანებები და ტრავმები.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულები არ განმარტავენ დაზიანებების მიყენების გარემოებებს, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ მათ აღნიშნული დაზიანებები მიღებული აქვთ N6 დაწესებულების საკანში გადაყვანის შემდგომ. კერძოდ, ამავე საკანში პატიმრებს შორის მომხდარი ურთერთშელაპარაკების შედეგად წარმოშობილი ფიზიკური დაპირისპირებისას. შესაბამისად, გამოძიებამ უნდა განიხილოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა მსჯავრდებულების გადაყვანა N17-დან N6 დაწესებულებაში. ასევე, მათი განაწილება სწორედ იმ საკანში, სადაც მოსალოდნელი იყო, რომ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე დაემუქრებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება