რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავარ პროკურორს

საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ქსნის #15 დაწესებულების ეგრეთ წოდებულ ახალ ნაწილში პატიმართა უფლებების სავარაუდო მასობრივი დარღვევების გამო.

2012 წლის 22 ივნისს, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ ქსნის დაწესებულებაში განთავსებულ რამდენიმე ასეულ პატიმარს, რომლებიც საუბრობენ მათი უფლებების დარღვევის ფაქტებზე. მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ მათ მიმართ ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვადასხვა სახის ძალადობას და ღირსებისშემლახავ მოპყრობას ყველაზე ხშირად ადგილი აქვს დაწესებულებაში მიღებისას და სამარტოო საკანში მოთავსებამდე. ასევე, ხშირია დასჯის უკანონო მეთოდების გამოყენება მცირედი გადაცდომისთვის. ამას გარდა დაწესებულებაში ხშირად არ მუშაობს ტელეფონი, პატიმრებს არ მიეწოდებათ პრესა და არ აქვთ რადიო მიმღებები.

პატიმრები ასახელებენ რამდენიმე პირს, რომლებიც უშუალოდ მონაწილებენ მათი უფლებების დარღვევებში, მათ შორის დაწესებულების ხელმძღვანელი შოთა თოლორდავა, მისი მოადგილე, ასევე დიმა ჩხაიძე, ლევან ლეჟავა, გელა იოსავა და ვინმე უჩა.

სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილ განცხადებას ხელს აწერს 693 მსჯავრდებული.

2012 წლის 23 და 24 ივნისს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა კვლავ მოინახულეს ქსნის #15 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები. როგორც აღმოჩნდა, 28 მსჯავრდებული, რომლებმაც ყველაზე აქტიურად გამოთქვეს პროტესტი დაწესებულებაში არსებული მდგომარეობის გამო, 24 ივნისს, დილის საათებში ქსნის დაწესებულებიდან თბილისის #1 დახურული ტიპის დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი გადაყვანის მიზეზი ადმინისტრაციამ არ განმარტა.

აღსანიშნავია, რომ ქსნის #15 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები სახალხო დამცველს 2010 წელსაც ხშირად მიმართავდნენ კოლექტიური თუ ინდივიდუალური საჩივრებით, რომლებიც შეეხებოდა თანამშრომლების მხრიდან ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტებს. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშშიცაა საუბარი და ასევე, არაერთ ასეთ ფაქტზე გამოძებაა დაწყებული. მსჯავრდებულები ყველაზე ხშირად ასახელებდნენ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელს, მათ შორის ლევან ლეჟავას და გელა იოსავას. მსჯავრდებულები აღნიშნავდნენ, რომ ისინი განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)