რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს კობა სუბელიანს შეისწავლოს ნანა და კლარა კვაშილავების მდგომარეობა და დააკმაყოფილოს ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით.

სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა აფხაზეთიდან დევნილმა ნანა კვაშილავამ, რომელიც დედასთან კლარა კვაშილავასთან ერთად 2010 წლის 10 აგვისტოდან სოფელ ფოცხო-ეწერში ცხოვრობს. განმცხადებლის განმარტებით, ფოცხო-ეწერის ნესტიანი კლიმატისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ოჯახს არ შეუძლია დევნილთა ახალ ჩასახლებაში ცხოვრება.

განმცხადებლმა წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია. ცნობაში მითითებულია, რომ სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციების თანახმად, თუ ნანა კვაშილავამ საცხოვრებელი პირობები არ შეიცვალა, შედეგი სავალალო იქნება.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლის თხოვნით, ნანა და კლარა კვაშილავებმა არაერთხელ მიმართეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს. თუმცა, სამინისტრომ კვაშილავების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების საკითხის ხელმეორედ განხილვა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ფოცხო–ეწერის ახალი ჩასახლების შეუსაბამობა ადეკვატური საცხოვრებლისთვის დადგენილ სტანდარტებთან საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში აისახა. აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გაამახვილეს. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ დევნილთა ჩასახლებებში, მათ შორის ფოცხო–ეწერშიც. ბოლო მონიტორინგმა კიდევ ერთხელ ცხადყო სამედიცინო ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ფოცხო–ეწერში არ ფუნქციონირებს აფთიაქი, არ არის სამედიცინო პუნქტი. სამედიცინო მომსახურების მისაღებად აუცილებელია დაბა ჯვარში ჩასვლა ან ზუგდიდში, რომელიც დასახლებიდან 50 კილომეტრით არის დაშორებული. კლარა კვაშილავას ოჯახს არ გააჩნია ზუგდიდში ჩასვლისა და სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საშუალება. შესაბამისად, იგი მუდმივ მკურნალობას ვერ დაექვემდებარება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნანა და კლარა კვაშილავების ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნულ პირობებში ცხოვრება არ შეესაბამება ადეკვატური საცხოვრებლისთვის დადგენილ სტანდარტებს და ერთობლიობაში მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოს ქმნის. აღნიშნულ შემთხვევაში, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება და უზრუნველყოს განმცხადებლები ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით. ამასთან, სათანადო საცხოვრებელზე უფლების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევაც, რაც ფუნდამენტური ხასიათისაა და აუცილებელია ადამიანის სხვა უფლებების ეფექტური რეალიზაციისათვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება