რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავარ პროკურორს

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის შესაბამისად, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარის სავარაუდო ცემის ფაქტთან დაკავშირებით და უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მსჯავრდებულ ნ.თაბაგარის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობისა და ხანდაზმულობის დასადგენად.

2012 წლის 12 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს ნუგზარ თაბაგარს. მსჯავრდებულის განმარტებით, 2012 წლის 11 მარტს, საღამოს საათებში, როდესაც იგი იმყოფებოდა აბანოს გასახდელ ოთახში, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დიმა ჩხეიძემ და ლევან ლეჟავამ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მსჯავრდებულ ნუგზარ თაბაგარს გარეგნული დათვალიერებისას მთელ სხეულზე და ოთხივე კიდურზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები.

მსჯავრდებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას განაცხადა, რომ ცემის ფაქტის შემდეგ, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დაწესებულების თანამშრომლებმა არ მისცეს საშუალება დაკავშირებოდა ადვოკატს და დაერეკა სახალხო დამცველის აპარატში.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ნ. თაბაგარი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ მიუთითებდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, მათ შორის, #15 დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე. ცნობილია რომ ზემოაღნიშნულ ფაქტებზე მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე არ დამდგარა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

წარსულში, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, ნ.თაბაგარმა, არაერთხელ განაცხადა, რომ #15 დაწესებულების პირობებში თავს ვერ გრძნობს უსაფრთხოდ და ითხოვდა სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანას. აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს არაერთხელ გაუგზავნა წერილობითი მიმართვა, თუმცა არცერთ მათგანს რეაგირება არ მოჰყოლია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება