რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია თბილისის მერს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ქ.თბილისის მერს შეისწავლოს ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოქალაქე დარეჯან წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

2011 წლის 23 სექტემბერსა და 16 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებებით მიმართა მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მას უკანონოდ ეთქვა უარი მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე, რის გამოც დაირღვა მისი უფლებები.

სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია.

ქალბატონმა დარეჯან წიკლაურმა დაბა წყნეთში, გრიშაშვილის ქ. №20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით მიმართა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას, რომელმაც უარი უთხრა მას (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი) აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ ხერხდებოდა შიდა საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ფართობისა და წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული ფართის იდენტიფიკაცია.

2010 წლის 23 სექტემბერს მოქალაქე დარეჯან წიკლაურმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერიას და მოითხოვა დიდგორის რაიონის გამგეობის 2010 წლის 17 სექტემბრის აქტის ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მერიის 2010 წლის 1 ნოემბრის განკარგულებით მოქალაქე დ. წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობების საფუძველზე გაცემული წარმოდგენილი ორდერი იყო ზოგადი ხასიათის, მასში არ იყო დაკონკრეტებული საცხოვრებელი ფართის და ბინის ნომერი, რაც მნიშვნელოვანია ფართის იდენტურობისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, მოქალაქე დ. წიკლაურისათვის საცხოვრებელი ფართის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა კანონიერი მოსარგებლისათვის საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ფართობზე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” მე–5 მუხლის მე–4 პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, კერძოდ: თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე განმცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოქალაქე დარეჯან წიკლაურის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტი დადასტურებულია მის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტაციით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა, რომ არსებობს ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების მიხედვით, წარმოშობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება