რეკომენდაციები.

სახალხო დამცველის რეკომენდაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს ნიკა მელიას, მსჯავრდებული გიორგი წიკლაური სრულად უზრუნველყოს 2010 წლის 30 ნოემბრის და 2010 წლის 20 დეკემბრის წერილებით მოთხოვნილი პერსონალური ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით.

2011 წლის 5 მაისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #17 დაწესებულების მსჯავრდებულმა გიორგი წიკლაურმა ინფორმაციის სრულყოფილად მიუღებლობასთან დაკავშირებით.

საქმეზე არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გიორგი წიკლაურს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან უნდა მიწოდებოდა 2010 წლის 30 ნოემბრის საჩივრითა და 2010 წლის 20 დეკემბრის განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ და უნდა გაწეოდა შესაბამისი იურიდიული კონსულტაცია. ამდენად, დარღვეულია საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 39–ე მუხლით დაცული უფლებები. ამასთან, დარღვეულია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფის ვალდებულება.

განცხადებიდან და მასზე თანდართული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2010 წლის 30 ნოემბერს გიორგი წიკლაურმა საჩივრით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს და მოითხოვა დაცვის უფლების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება. 2010 წლის 14 დეკემბრის საპასუხო წერილით გიორგი წიკლაურს არასრულყოფილად გადაეგზავნა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მან 2010 წლის 20 დეკემბერს განმეორებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს. თუმცა, 2011 წლის 1 თებერვლის კორესპონდენციით გიორგი წიკლაურს იგივე შინაარსის წერილი გადაეგზავნა, ამასთან განემარტა, რომ მისი მოთხოვნა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა განმარტების თაობაზე სააღსრულებო ბიუროს კომპეტენციას სცილდებოდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)