რეკომენდაციები

სახალხო დამცველის რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ანდრია ურუშაძეს შეისწავლოს მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანილი ახალშობილის დ.გ.–ს გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტულ პირთა მხრიდან მოვალეობათა შეუსრულებლობის დადგენის შემთხვევაში, დააყენოს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

2010 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში. ბენეფიციართა დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოჩნდა რომ 2010 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი, ახალშობილი (12 დღის) დ.გ.. აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ახსნა–განმარტება ჩამოერთვეს დაწესებულების პედიატრს. ახსნა-განმარტების თანახმად:

ბენეფიციარი დ.გ., დაბადებული 2010 წლის 6 აპრილს, ,,ხობის უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრში“, სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური საბჭოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, 9 აპრილს ჩაირიცხა მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლში. სოციალური მუშაკის მიერ მოხდა ბავშვის შეფასება და საჭიროებად განისაზღვრა ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსება.

მახინჯაურის ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრის განმარტებით ახალშობილი დ. გ. დაწესებულებაში მიიყვანეს სოციალურმა მუშაკმა, ექიმმა და ექთანმა. ბავშვი იყო ძალიან აღგზნებული, განუწყვეტლივ ტიროდა. ბავშვის სახვევებიდან გახსნაზე ექთანმა უარი განაცხადა, რის შემდეგაც ახალშობილი ჩვილ ბავშვთა სახლის პედიატრმა გახსნა. ბავშვის მდგომარეობა იყო უმძიმესი. პედიატრის მოთხოვნით ბავშვი სასწრაფოდ გადაიყვანეს ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში.

არასრულწლოვანი დ.გ. 2010 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა საჭიროებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან დაუყოვნებლივ მოკვლევას, რათა დადგინდეს შემდეგი გარემოებები: – რატომ მოხდა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალშობილის გამოწერა ,,ხობის უსაფრთხო დედობისა და ბავშვთა გადარჩენის ცენტრიდან“. – რატომ განხორციელდა ბავშვის ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა, როდესაც იგი საჭიროებდა დაუყოვნებელ სამედიცინო დახმარებას. ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა მნიშვნელოვანია იმის დასადგენად იყო თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის სააგენტოს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონალური საბჭოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის ადეკვატური. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა მოვალეობების შეუსრულებლობასა და შესაბამისად უფლებების დარღვევას როგორც სოციალური მუშაკის მხრიდან ისევე სამედიცინო პერსონალის მხრიდან რომელთაც მოახდინეს საავადმყოფოდან ბავშვის გაწერა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაყვანა, რამაც დაუსაბუთებლად შეაფერხა სათანადო და დროული სამედიცინო დახმარების გაწევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება