კოვიდ 19

სახალხო დამცველის განცხადება ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში გამოცხადებულ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში კორონა ვირუსის გავრცელების საპასუხოდ გამოცხადებულ სპეციალურ საკარანტინო რეჟიმთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი და ქვემო ქართლის ოფისი მობილიზებულნი არიან 24 საათიან რეჟიმში გაუწიონ კონსულტაცია და სამართლებრივი დახმარება ამ მუნიციპალიტეტებში მყოფ პირებს. მათ შორის, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობის ვადით და გულისხმობს მუნიციპალიტეტებთან მიმოსვლის სრულ აკრძალვას მათთვის, ვინც არ არის ამ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე რეგისტრირებული ან ფაქტობრივად მაცხოვრებელი პირი. აკრძალულია მუნიციპალიტეტების შიგნით გადაადგილებაც, გარდა სამედიცინო მომსახურეობის მიღებისა და სურსათის შეძენის მიზნით.

სახალხო დამცველის აპარატი მუდმივ კონტაქტზეა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან, რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან. არსებული ინფორმაციით, ბოლნისსა და მარნეულში მშვიდი ვითარებაა, თუმცა, აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მოსახლეობას არ აქვს დეტალური ინფორმაცია შემოღებული წესების, დაავადების პრევენციისა თუ მათი მხრიდან გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე.

სახალხო დამცველის აპარატში შემოდის სატელეფონო ზარები და მოსახლეობა ინტერესდება ისეთი საკითხებით, როგორიცაა სოციალური პროგრამებით სარგებლობის წესი (სოციალური მუშაკის ვიზიტი, სოციალური აგენტის ვიზიტი ოჯახის მდგომარეობის შეფასებისთვის); ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სარგებლობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა (არის თუ არა ტუბერკულოზის, ც-ჰეპატიტის, დიალიზის, მეტადონის პროგრამებით სარგებლობაზე დაწესებული შეზღუდვები, როგორ მოხდება ბავშვების გეგმური აცრა და სხვა); შეუძლიათ თუ არა გადაადგილება ქალაქების შიდა ტერიტორიაზე, მაღაზიაში გასვლა და ა.შ.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეფერხდეს ისეთი სამედიცინო პროგრამები, როგორიცაა დიალიზის, მეტადონის, ტუბერკულოზის, ც-ჰეპატიტის და სხვა პროგრამები, შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული პროგრამებით მოსარგებლეთა უსაფრთხო გადაადგილება და მედიკამენტების საჭირო მარაგით უზრუნველყოფა.

მოსახლეობისათვის სწორად და გასაგებად მიწოდებულ ინფორმაციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა სიმშვიდის შესანარჩუნებლად და ვითარების დროულად გამოსასწორებლად. ამიტომ, ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება მათთვის გასაგებ ენაზე. მათ შორის ინფორმირებულობის გაზრდისათვის ისეთი საკომუნიკაციო საშუალების გამოყენება როგორიცაა ხმის გამაძლიერებელი, საინფორმაციო მასალების დისტანციური დარიგება, საჯარო განცხადებების თარგმანი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე და სხვა. მართებული იქნება ამ პროცესში ყველა შესაბამისი უწყების ჩართვა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ თითოეულ პირს, იქნება ეს კარანტინის რეჟიმის შიგნით მყოფი თუ არა, ზედმიწევნით დაიცვან ინფექციის პრევენციის და კონტროლის დროებითი რეკომენდაციები. მარნეულში და ბოლნისში მყოფი პირები ნუ ეცდებით თვითნებურად დატოვოთ ქალაქები. ნუ ჩააყენებთ საფრთხეში საკუთარ თავს, ოჯახებს და გარეშე პირებს. ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს თავიანთი მოვალეობის ეფექტურ შესრულებაში.

ამასთან, მოვუწოდებ მოსახლეობას მოერიდონ დისკრიმინაციულ და სტიგმების შემცველ განცხადებებს. ვირუსი არ ასხვავებს ადამიანებს არც ეთნიკური და არც რაიმე სხვა ნიშნით. მოვუწოდებ ჟურნალისტებს და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, მიაქციონ კიდევ უფრო მეტი ყურადღება თანასწორობის პრინციპებს და დასვან დამკვიდრებული სტერეოტიპების საწინააღმდეგო აქცენტები.

მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ მხოლოდ ერთად დგომით და ერთმანეთზე ზრუნვით გადავლახავთ ამ უაღრესად მძიმე გამოწვევას.

აქვე შევახსენებ მოსახლეობას, რომ დახმარების საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ საკითხზე, 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზს ნომერზე - 1481; აზერბაიჯანულ ენაზე კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აპარატის თანამშრომელს მურად გუსეინოვს ნომერზე - 591 70 10 73, ხოლო სომხურ ენაზე კონსულტაციისთვის ანდრანიკ ბაღდასარიანს ნომერზე - 595 80 78 44.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)