კონსტიტუციური სარჩელები

საკონსტიტუციო სარჩელი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით

2015 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა, რომელშიც სადავოდ არის გამხდარი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით.

ამრიგად, გასაჩივრებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წლის 30 ნოემბერს მიღებული ე.წ. „მოსმენებთან“ დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები.

სარჩელის მიხედვით, გასაჩივრებული დებულებები შესაძლებელია სახელმწიფო ორგანომ გამოიყენოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელების დამოუკიდებელი საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც განსხვავდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურისგან. კერძოდ, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელია პროკურორის დადგენილების საფუძველზე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას და ამგვარი ქმედების კანონიერება 24 საათის განმავლობაში უნდა შეფასდეს სასამართლოს მიერ. აღნიშნულისგან განსხვავებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ამგვარი საგამოძიებო მოქმედებისთვის საკმარისია მხოლოდ პროკურორის მოტივირებული დადგენილების არსებობა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოების უფლება, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას.

აქვე აღსანიშნავია, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მეორე წინადადებებში არსებულ ბუნდოვანებაც იძლევა სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს. კერძოდ, გაუგებარია როგორ უნდა იქნეს გაგებული, მაგალითად, „ინფორმაციის მოპოვების შემდგომი ღონისძიება“, ისევე, როგორც „ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შემდგომი ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს სასამართლო განჩინებას ან პროკურორის დადგენილებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება