კონსტიტუციური სარჩელები.

საკონსტიტუციო სარჩელი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.

სადავო აქტის მიხედვით, პირი არ მიიღება საჯარო სამსახურში, თუ იგი იმყოფება „გამოძიების ქვეშ“. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს საჯარო სამსახურში დასაქმების უფლებას და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს განუსაზღვრავს საჯარო სამსახურზე წვდომის შესაძლებლობას.

სახალხო დამცველის აზრით, პირის ბრალდებულად ცნობა უნდა იწვევდეს მხოლოდ იმ უფლებების შეზღუდვას, რომლებიც სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის არის აუცილებელი. საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, რომ პირი გათავისუფლდეს თანამდებობიდან, თუ მისი თანამდებობაზე დარჩენა ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ინტერესებს. ეს საპროცესო მოქმედება ხშირად გამოიყენება და ეფექტური ღონისძიებაა სისხლის სამართლის პროცესის მიზნების უზრუნველსაყოფად.

მოქმედ კანონმდებლობაში ერთ-ერთ არასაპატიმრო სასჯელად განსაზღვრულია თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა. ეს კი იძლევა იმის საშუალებას, რომ მართლმსაჯულების ინტერესებიდან მომდინარე ყველა საჯარო ინტერესი იქნას მიღწეული ზემოაღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით.

აქვე აღსანიშნავია, რომ სადავო აქტის არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძველს მისი ბუნდოვანებაც იძლევა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)