ახალი ამბები

ტრენინგი სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების შესახებ

2015 წლის 27–28 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატმა ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ევროპული აკადემიის და სსიპ შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ტრენინგი გამართა თემაზე – „ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმები“.

სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკო თათულაშვილმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ სტუდენტებთან განიხილეს სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების განსაზღვრის საკითხები, აბსოლუტური და შეფარდებითი უფლებები, საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის შიდა ინსტიტუტი, თანასწორობის უფლების ეროვნული სტანდარტები, სახალხო დამცველის და სასამართლოს ანტიდისკრიმინაციული მანდატი, საქართველოს სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და ხელშეწყობაში.

ტრენინგის მონაწილე 30–მდე სტუდენტმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მოკლე ისტორიული აღწერა მოისმინა; გაეცნო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების წარმოქმნისა და ეროვნულ დონეზე მათი იმპლემენტაციის ეტაპებს, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს.

ღონისძიება ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერება“ ფარგლებში ჩატარდა.

27.10.15-28.10.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)