ახალი ამბები

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - 2019

2019 წლის 9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა, რომელსაც სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ ვიბლერი. სახალხო დამცველმა შეაფასა ქვეყანაში არსებული ტოლერანტული გარემო და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრა რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მოკლედ მიმოიხილა ამ მიმართულებით სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა და პრიორიტეტები.

ტრადიციულად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინეს და საპატიო სიგელებითა და პრიზებით დააჯილდოვეს ის პიროვნებები, ორგანიზაციები და მედია საშუალებები, რომლებმაც საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს.

ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წელს ტოლერანტობის ქომაგად „მედია საშუალება ან პროექტის“ ნომინაციაში გამოავლინა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“. ნომინაციაში „პიროვნება“ გაიმარჯვა გარდაბნელმა მასწავლებელმა ჰამიდ სადიგოვმა, რომელმაც საკუთარი პოზიცია გამოხატა იძულებით ქორწინებასთან დაკავშირებით, რამაც მის თემში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, ფართო საზოგადოება კი მის მიმართ სოლიდარულია. ნომინაციაში „საჯარო მოხელე“ - საკრებულოს საქმიანობის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მხარდაჭერისთვის, თბილისის საკრებულოს თავჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაჯილდოვდა. ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი დამსახურებისა და განსაკუთრებით ქურთული და ეზიდი თემის ფართოდ წარმოჩენის ხელშეწყობისთვის ტოლერანტობის ქომაგად ერთხმად დაასახელეს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი, აწ გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწე, ჟურნალისტი, ლიტერატორი და პედაგოგი ქერიმ ანყოსი.

რელიგიათა საბჭოს მიერ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგებად დასახელდნენ: ნომინაციაში პიროვნება - საქართველოში რელიგიური მრავალფეროვნების მკვლევარი მანანა ქუთათელაძე; ნომინაციაში „ორგანიზაცია“ - საქართველოს ქრისტიან-სტუდენტთა კავშირი, რომელიც წლებია ხელს უწყობს კონფესიათა შორის დიალოგს და ამ მიმართულებით არაერთი საგანმანათლებლო პროექტი აქვს განხორციელებული და საჯარო მოხელე - პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია, რომელმაც მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რელიგიური უმცირესობების პოზიციების დაცვაში, საქართველოს პარლამენტში.

ღონისძიება ორგანიზებულია სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ,საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელსაც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

* * *

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)