ახალი ამბები

სპეციალური ანგარიში „სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე“

2015 წლის 9 მარტს „სათანადო საცხოვრებლის უფლებაზე“ საქართველოს სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში განხილულია საკანონმდებლო და პრაქტიკულ დონეზე არსებული სისტემური და ინდივიდუალური ხასიათის პრობლემები, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატში უსახლკარო პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით მიღებული გაცხადებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მიერ ამ ეტაპზე გადადგმული ნაბიჯები არ არის საკმარისი ქვეყანაში უსახლკარობის დასაძლევად და საჭიროა სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მის შემდგომ იმპლემენტაციაზე აქტიური მუშაობა.

უსახლკარო პირების სამართლებრივი დაცვის ეფექტური საკანონმდებლო სისტემის განხორციელებისათვის აუცილებელია, დაზუსტდეს უსახლკარო პირთა სამართლებრივი სტატუსი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო დონეზე, ზედმიწევნით გაიწეროს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებები და მათი მოქმედების ფარგლები, განისაზღვროს მათ შორის კოორდინაციის მექანიზმები, პროცედურები და ვადები. უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზების წარმოებასთან დაკავშირებით უნდა დადგინდეს აღნიშნული ვალდებულების მიზნობრიობა და ღონისძიებათა პაკეტი, რომელიც ხელისუფლების ორგანოებმა მათი ფორმირების შემდეგ უნდა განახორციელონ.

ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიაში ასახული სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ამოცანების შესრულების მიზნით, აუცილებელია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და საბინაო სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ღონისძიებები, სათანადო რესურსები, პასუხიმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების განხორციელებას.

სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლების შესრულების მიზნით, დაწყებული პროცესები იქნება შეუქცევადი და უპირველეს ყოვლისა, ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გათვალისწინებული იქნება კონკრეტული ღონისძიებები უსახლკარობის აღმოფხვრის და სათანადო საცხოვრისით სარგებლობის უფლების უზრუნველყოფისათვის.

„სახელმწიფოში დღემდე არ არსებობს უსახლკარო პირთა რეგიონული და ცენტრალიზებული ერთიანი მონაცემთა ბაზა. საკანონმდებლო დონეზე არ არსებობს უსახლკარო პირთა სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფის ეფექტური მექანიზმი; შესაბამისად, არსებული სამართლებრივი რეგულაციებით უსახლკარო პირებს, ხელი არ მიუწვდებათ იმ მინიმალურ შეღავათებზეც კი, რაც სოციალურად დაუცველთათვის მოქმედებს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ღონისძიების გახსნაზე.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების ატაშემ ევა პასტრანამ თავშესაფრის არმქონე პირთათვის ღირსეული საცხოვრებლის შექმნისთვის საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობასა და პრობლემის გადაჭრის საქმეში ევროკავშირი თანადგომაზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ დეფინიციის საკითხსა და უსახლკარობის გამომწვევი მიზეზების კვლევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

თბილისის მერის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ მოკლედ მიმოიხილა უსახლკაროთა პრობლემის გადაჭრის გზაზე მერიის მიერ გაწეული სამუშაო და სამომავლო გეგმები. აღნიშნა, რომ თბილისში, ლილოს ტერიტორიაზე უკვე დაიწყო მშენებლობა მრავალსართულიანი შენობის, სადაც კარვებში მცხოვრები უსახლკარო ადამინები განთავსდებიან.

საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა აღნიშნა, რომ არის შემთხვევები, როცა უსახლკარო პირები უარს აცხადებენ თბილისს გარეთ შეთავაზებულ სახლებში გადასვლაზე და მხოლოდ დედაქალაქში სურთ საცხოვრებლით დაკმაყოფილება, რაც არსებული რესურსების პირობებში, საკითხის მოგვარებას ბევრად აჭიანურებს.

შრომის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, სამინისტროში უკვე დაიწყო მუშაობა უსახლკაროთა დეფინიციის საკითხებზე.

დისკუსიაზე განსაკუთრებული სიმწვავით გამოიკვეთა სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების მიღების, საცხოვრებლის არმქონე პირთა განსაზღვრისათვის საჭირო კრიტერიუმების შემუშავებისა და სრულყოფილი მონაცემთა ბაზების შექმნის აუცილებლობა.

სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში გასცემს რეკომენდაციებს საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ, მათ შორის რამდენიმე რეკომენდაცია შეეხება შემდეგ საკითხებს:

საქართველოს მთავრობას

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2014-2020 წლებისთვის) სათანადო საცხოვრებლის უფლებიდან გამომდინარე ამოცანების შესრულების მიზნით, შემუშავდეს სამოქმედო გეგმა და საბინაო სტრატეგია, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული ღონისძიებები, პასუხისმგებელი ორგანოები და ვადები, რომლებიც უზრუნველყოფს დასახული მიზნების განხორციელებას;

საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

  • განხორციელდეს უსახლკარო პირის დეფინიციის კორექტირება და სრულყოფა, რათა მოიცვას უსახლკარობის სხვადასხვა ფორმები; ქვეყნაში უსახლკარობის მასშტაბის გამოვლენის მიზნით, განხორციელდეს სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციის მონიტორინგი და შეიქმნას უსახლკარო პირების ერთიანი მონაცემთა ბაზა. მიღებული მონაცემები გამოყენებულ იქნეს უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის.
  • უსახლკარო პირებთან მიმართებაში, საკანონმდებლო დონეზე დაზუსტდეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ვალდებულებები და მიზნობრიობა, მათ შორის კოორდინაციის მექანიზმები, პროცედურები და ვადები.




სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება