ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2019 წლის 28 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-17 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ სხდომის მონაწილეებს სათათბირო ორგანოს ახალი წევრი, რეგიონში მოქმედი შშმ პირთა ორგანიზაციის წარმომადგენელი დავით ბიბილეიშვილი წარუდგინა.

ეკატერინე სხილაძემ მოკლედ მიმოიხილა ბოლო პერიოდში აპარატის მიერ განხორციელებული ღონისძიებები; მათ შორის, გარემოს მისაწვდომობის ხარვეზების თაობაზე გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიშის დადებითი შედეგები, რაც გამოიხატება თემის ირგვლივ სახელმწიფო უწყებათა გააქტიურებით და რამდენიმე ახალი ინიციატივის მომზადებით. საბჭოს წევრები გაეცნენ ინფორმაციას შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის ეროვნული მექანიზმის რეფორმირების პროცესის და, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან კოხოძემ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ის საკითხები წარმოადგინა, რომლებიც სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, შესაბამის რეკომენდაციებთან ერთად აისახება.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან და გაეროს კონვენციის იმპლემენტაციისთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, შშმ პირთა ხელმოწერასთან დაკავშირებული გამოწვევები; დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის შესაძლო ეფექტები; ბავშვებისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის პრობლემები, სოციალურ მოდელზე გადასვლის პროცესი; სკოლებში სსსმ მოსწავლეთა ინდივიდუალური ასისტენტის დანიშვნასთან დაკავშირებული ბარიერები; სტომატოლოგიური მომსახურებისა და 15 წელს მიღწეულ აუტიზმის მქონე მოზარდთა რეაბილიტაციის საკითხები და სხვა.

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ პრიორიტეტულ საკითხებზე, რომლებზეც 2019 წლის განმავლობაში იმუშავებს სახალხო დამცველის აპარატი გაეროს შშმ პირთა კონვენციის განხორციელების მონიტორინგის ფარგლებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)