ახალი ამბები

შეხვედრა შვედეთის ელჩთან საქართველოში

2015 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე შვედეთის ელჩს საქართველოში მარტინა ქუიქსს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებათა, მათ შორის, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით; ასევე, სასჯელაღსრულების სისტემის, პროკურატურისა და სასამართლოს რეფორმა, მათ შორის მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესი.

ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების ეფექტურობასა და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმზე. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.

განსაკუთრებულად მწვავე თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვა.

უჩა ნანუაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, სპეციალურ ანგარიშებზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და ახლად ამოქმედებული ცხელი ხაზის შესახებ.

ელჩმა მარტინა ქუიქსმა მაღალი შეფასება მისცა სახალხო დამცველის ბოლოდროინდელ აქტიურ საქმიანობას ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სფეროში და ომბუდსმენის აპარატისადმი სრული მხარდაჭერის სურვილი გამოთქვა.

7.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება