ახალი ამბები

შეხვედრა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან

2015 წლის 3 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში იოს დაუმას შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიმდინარე თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

საქართველოს სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მისი ინსტიტუციისთვის სასარგებლო იქნება დემოკრატიის მაღალი ხარისხის მქონე ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, განსაკუთრებით ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა ტოლერანტობის, ასევე სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით. აქვე ისაუბრა სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიის ამოქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც ტრენინგებს ქართველებთან ერთად უცხოელი ექსპერტებიც ატარებენ.

სახალხო დამცველმა ზოგადად მიმოიხილა მართლმსაჯულების სისტემისა და მედიათავისუფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ვითარება; ისაუბრა შრომის ინსპექციისა და დამოუკიდებელი გამოძიების მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე; განიხილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები; აღნიშნა, რომ კონფლიქტურ ტერიტორიებზე არ ხდება ადამიანის უფლებების მონიტორინგი და მინიმალურია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რაც დამატებით ართულებს ადამიანის უფლებების დაცვას.

დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველს საინტერესო შეხვედრისთვის და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

3.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)