ახალი ამბები

შეხვედრა მოსწავლეებთან თანასწორობის მნიშვნელობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზებზე

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავის აღსანიშნავად, 2018 წლის 2 მაისს ევროპის საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა ახალგაზრდებისთვის გამართეს საჯარო შეხვედრა - „თანასწორობის მნიშვნელობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები“.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარამ თანასწორობის უფლებაზე, არსებულ მექანიზმებსა და სახალხო დამცველის როლზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება თანასწორობის უფლების განხორციელება, რაც ხშირად საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს უკავშირდება. „ამიტომ, დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობის არის, ვინაიდან სტეროტიპების რღვევის და აღმოფხვრის პროცესში მთავარი ადგილი სწორად ახალგაზრდებს უკავიათ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა. მან ასევე ისაუბარა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მნიშვნელობაზე, რომლის მიღებით, ერთი მხრივ, დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმები განისაზღვრა, მეორე მხრივ, საზოგადოებაში დაიწყო დისკუსია თანასწორობაზე, ტოლერანტობაზე და გაიზარდა შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელი.

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში ვაჰაგ მურადიანმა განაცდადა, რომ თანასწორობა ბავშვებისთვის პირველ რიგში ნიშნავს მათ უფლებას - მოუსმინონ და მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც მათ ეხებათ. იცხოვრონ ძალადობისა და შეურაცხყოფისგან თავისუფალ გარემოში. ნამდვილი თანასწორობა ეს არის თანასწორობა გოგოებსა და ბიჭებს შორის, თანასწორი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მზრუნველობას მოკლებული და უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვებისთვის. თანასწორობის მიღწევა ბავშვობაშივე უნდა დაიწყოს, რათა ჩვენი მომავლის საფუძველი ავაშენოთ.

ევროპის საბჭოს კამპანიის შესახებ - „მე ვირჩევ თანასწორობას“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა ნინო გობრონიძემ ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ მოსაზრებები გაეცვალათ თანასწორობის, ადამიანის უფლებებისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის შესახებ და ესაუბრათ მათ მნიშვნელობაზე დემოკრატიის, განვითარებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის. ასევე მიიღეს მეტი ინფორმაცია „მე ვირჩევ თანასწორობის“ კამპანიის შესახებ, თუ როგორ დაუჭირონ მხარი დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, რომელიც 2014 წელს იქნა მიღებული, მიზნად ისახავს დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის აღმოფხვრას და უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფას ყველასთვის განურჩევლად რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

შეხვედრა ჩატარდა მე ვირჩევ თანასწორობის კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიერ გამოწვეული რისკების შესახებ, ინფორმაციის გავრცელება მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის მნიშვნელობის შესახებ და უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)