ახალი ამბები

სახალხო დამცველსა და უზენაეს სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2015 წლის 29 ოქტომბერს ევროპის საბჭოს ახალი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესება საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პარალელურად სახალხო დამცველსა და უზენაეს სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. მემორანდუმი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ერთგვაროვანი სამართლებრივი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და საგანმანთლებლო საქმიანობის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პროექტი მიზნად ისახავს, სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მიერ გაძლიერებას შეუწყნარებლობისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, სახალხო დამცველის ოფისის მიერ „სასამართლო მეგობრის“ ინსტიტუტის აქტიური გამოყენების ხელშეწყობას, სახალხო დამცველის რეგიონული ოფისების გაძლიერებას ინდივიდუალურ საქმეების მუშაობის კუთხით, ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდას.

„მივესალმებით იმ ნდობას, რომელსაც გვიცხადებს ევროპის საბჭო. თანამშრომელთა რიცხვი ჩვენ ოფისში გასულ წლებთან შედარებით გაორმაგებულია, ჩვენი ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონული ოფისების გაძლიერებაა, რომელსაც საერთაშორისო პროექტების დახმარებით წარმატებით ვახორციელებთ. ჩვენი მთავარი მიზანია სახელმწიფო უწყებებისა და ინსტიტუტების საქმიანობა გახდეს მეტად უფრო ეფექტური და გაიზარდოს სასამართლოს, სამართალდამცავებისა და ზოგადად მართლმსაჯულების სისტემის მიმართ მოსახლეობის ნდობა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

პროექტი წარმოადგენს ევროპის საბჭოს მიერ საქართველოსთვის დამტკიცებული 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დახმარებას.

29.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)