ახალი ამბები

სახალხო დამცველმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გამართა

2015 წლის 21 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მესამე სამუშაო შეხვედრა/სხდომა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველის პირველი მოადგილე პაატა ბელთაძე, აპარატის წარმომადგენლები და საბჭოს მოწვეული წევრები.

საბჭოს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის შედეგების შეჯამება და მათი ასახვა სამომავლო გეგმებში, პოტენციური პარტნიორების ან/და ინფორმაციის წყაროების განსაზღვრა, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის სამოქმედო გეგმის პროექტის პრეზენტაცია და განხილვა.

სხდომაზე დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის მიზნით უახლოესი თვეების განმავლობაში 2016–2017 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი აქტივობები, მათ შორის, მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავება, რესურსებისა და ინფორმაციების წყაროების მოძიება, კვლევისა და მონიტორინგის საველე სამუშაოების ორგანიზება.

საბჭოს შემდეგი შეხვედრა გაიმართება 2 თვის ვადაში, სადაც განიხილება კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესის მიმდინარეობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)