ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა

2015 წლის 17 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხრიდან მოქალაქე გ.გ.-ს მიმართ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების კანონიერებასთან დაკავშირებით.

მოქალაქე გ.გ.-ს მისთვის დაკისრებული ჯარიმისა და საურავის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, 2012 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით, 24 თვის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. აღნიშნულის შესახებ გ.გ.–სათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2013 წლის 11 იანვარს. შესაბამისად, აღნიშნული დადგენილება ძალაში შესულად სწორედ ამ თარიღით უნდა იყოს მიჩნეული.

2013 წლის 6 იანვარს გ.გ. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გარეშე მართვისათვის 200 ლარით დაჯარიმდა, თუმცა, ამ დროს მისთვის ცნობილი არ იყო მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

2013 წლის 11 იანვარს გ.გ.-მ მიმართა რუსთავის საპატრულო პოლიციას, სადაც მას ჩაბარდა დადგენილება მისთვის მართვის უფლების 24 თვის ვადით ჩამორთმევის შესახებ. ამის შემდეგ მოქალაქემ საქართველოს შინაგან საქმეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში წარადგინა საჩივარი შესაბამისი საჯარიმო ქვითრის გაუქმების შესახებ. 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილებით გ.გ.-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოქალაქე გ.გ.–სათვის 2013 წლის 6 იანვარს სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას და 2013 წლის 6 მარტს საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გამოცემისას უგულებელყოფილია კანონის მთელი რიგი მოთხოვნები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მოქალაქის უფლებების ხელყოფა.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს გააუქმოს შესაბამისი დადგენილებები გ.გ.–სთვის ჯარიმისა და საურავის დარიცხვის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)