ახალი ამბები

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, არ დაუშვას ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამეტო ანგარიშში აღნიშნულია, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრებამდე ციხის ადმინისტრაციამ უნდა გათვალოს, რამდენად შეიძლებოდა პატიმრის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას ან განვითარების დარღვევას ემოქმედა მის ქცევასა და დანაშაულებრივ ქმედებაზე ან ქმედებაზე, რომელიც საფუძვლად დაედო დისციპლინურ სახდელს. დაუშვებელია, ციხის ადმინისტრაციამ სასჯელი დაუწესოს პატიმარს რაიმე სახის ქმედებისთვის, თუ ეს ქმედება პირდაპირი შედეგია მისი ფსიქიკური დაავადების ან შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების.

სამარტოო საკნის გამოყენების შესახებ 2007 წლის სტამბოლის განცხადების შესაბამისად, სამარტოო საკნებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება სრულად უნდა აიკრძალოს. დაუშვებელია, შეზღუდული ფსიქიკური ან ფიზიკური შესაძლებლობების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება, როდესაც შესაძლებელია მსგავსი ზომის გამოყენებამ დაამძიმოს მისი მდგომარეობა.

2014 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, გაეტარებინა სათანადო ზომები, რათა არ მომხდარიყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის სამარტოო საკანში მოთავსება. მიუხედავად ამისა, 2015 წლის განმავლობაში, ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმართა სამარტოო საკანში მოთავსების ფაქტები გამოვლინდა პენიტენციური დეპარტამენტის N2 და N3 დაწესებულებებში. შესაბამისად, სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა არ მოხდეს ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის, დისციპლინური სახდელის სახით, სამარტოო საკანში მოთავსება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)