ახალი ამბები

სახალხო დამცველმა ამბასადორიალზე დიპლომატიურ უწყებებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

2015 წლის 3 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ამბასადორიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ელჩებს ადამიანს უფლებების სფეროში ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმაზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებსა და მათ გამოძიებაზე, საკანონმდებლო ცვლილებებსა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის დეტალებზე. ისაუბრა ეფექტური შრომის ინსპექციისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე; იგი ასევე შეეხო გენდერული თანასწორობის სფეროში არსებულ გამოწვევებს, საჯარო სექტორიდან საჯარო მოხელეთა განთავისუფლების საკითხს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს. ყურადღება გაამახვილა კონფლიქტების მოგვარების საკითხში ხელისუფლების ერთიანი სტრატეგიისა და მიდგომის არარსებობაზე.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა მიუთითა საგარეო უწყებასა და დიპლომატიურ მისიებთან ინფორმაციის გაზიარების და კომუნიკაციის არხების გაუმჯობესებაზე; ასევე, იმ გარემოებებზე, რომ რიგ შემთხვევებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არასაკმარისად არიან ინფორმირებულნი ქვეყანაში ადამიანის უფლებების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ.უჩა ნანუაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობასა და მათთან რეგულარული კომუნიკაციის ფორმატის შემუშავებაზე მზადყოფნა გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება