ახალი ამბები

სახალხო დამცველის ვიზიტი უკრაინაში

2015 წლის 21-22 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო უკრაინაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც კონფლიქტურ და პოსტ კონფლიქტურ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლს შეეხებოდა.

თავის საკონფერენციო მოხსენებაში საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ჩართულობის აუცილებლობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების პრევენციის საკითხებში. ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ პირთა საჭიროებებზე და ისაუბრა იმ პრაქტიკაზე, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატი ურთიერთობს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ უფლებადაცვით ორგანიზაციებთან.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება კონფლიქტით დაზარალებულ პირთა საკუთრების უფლების უხეში დარღვევა, დევნილთა მდგომარეობა, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი და საზოგადოების ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკაში. „კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკა დამყარებული უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვაზე. ყოველივე ფორმალური თუ არაფორმალური დიალოგის დღის წესრიგი მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს ორიენტირებული ადამიანის უფლებების დაცვაზე, და არ უნდა მოხდეს მათი პოლიტიზირება“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა.

საერთაშორისო კონფერენცია უკრაინის ომბუდსმენისა და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას ოცამდე ქვეყნის ომბუდსმენი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

21.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)