ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ჟენევაში, წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენლებთან

სახალხო დამცველი ჟენევაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წამების პრევენციის ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა დახურულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და იმ ცვლილებებზე რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის ეფექტური მუშაობის მიზნით განხორციელდა.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაზე, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებისთვის დახურულ დაწესებულებებში ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების მინიჭებას გულისხმობს. სახალხო დამცველმა წამების პრევენციის ასოციაციის წევრებთან ერთად განიხილა ის საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც არსებობს დახურულ დაწესებულებებში ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით.

„საქართველოში წამების წინააღმდეგ არაერთი პოზიტიური ცვლილება განხორციელდა, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმის შემუშავებაა, რომლის მიღებაც უკვე დასკვნით ეტაპზეა, თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. ჩვენი მხრიდან 25 წინადადებაა პროკურატურის მისამართით სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შესახებ გამოძიების დასაწყებად გაგზავნილი, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, შედეგი არაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა და პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების უფლების მინიჭება, რომელიც არაერთ ევროპულ ქვეყანაში აპრობირებულია და წარმატებით გამოიყენება“, – განაცხადა სახალხო დამცველმა წამების პრევენციის ასოციაციასთან გამართულ შეხვედრაზე.

ომბუდსმენმა წამების პრევენციის ასოციაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის განახლებულ ექსპერტთა ჯგუფზე, რომელთა შერჩევაც კონკურსის წესით მოხდა და მათ ვალდებულებას დახურული დაწესებულების მონიტორინგი წარმოადგენს; გააცნო პრევენციის ეროვნული მექანიზმის მრჩეველთა საბჭოს მუშაობის პრინციპები და განხორციელებული მონიტორინგის შედეგები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება